KA
ჩურჩხელა

ჩურჩხელა

ქართული სამზარეულოს უნიკალურობა არა მხოლოდ მთავარ კერძებში, არამედ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტკბილეულშიც გამოიხატება. სწორედ ასეთი ქართული ნუგბარია ჩურჩხელა.

რაში იყენებდნენ ჩურჩხელას საუკუნეების წინათ?

შეიძლება ითქვას, რომ ძველ დროში ჩურჩხელა ერთ-ერთი „სტრატეგიული ტკბილეული“ იყო, რადგან ის მეომრებს ომში მიჰქონდათ. გარდა იმისა, რომ ჩურჩხელა დამანაყრებელია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, დიდხანსაც ინახება და განსაკუთრებულ პირობებში შენახვაც არ სჭირდება.

ჩურჩხელას, როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, უძველესი დროიდან ამზადებდნენ საქართველოში. აღმოჩენილია თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელსაც  შესანახადაც იყენებდნენ და ტრანსპორტირებისთვისაც.

რისგან შედგება ჩურჩხელა?

ჩურჩხელა არის თათარაში - ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს და ხშირად „კუკრუჭანასაც“ უწოდებენ. 

ჩურჩხელისგან განსხვავებით, ჯანჯუხა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ამზადებენ, უფრო თხელია, მზადდება თხილისგან და დასავლური ფელამუშისაგან, ხშირად - ჩირეულით ან გოგრის თესლითაც.

ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჩურჩხელას კახეთშიც რთვლის შემდეგ ავლებენ, როცა ყურძენი დაიწურება და წვენი დამაჭრდება.

ინგრედიენტები და მომზადების წესი

შუა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში ბადაგს ასხამენ, შემთბარს ნელ-ნელა პურის ფქვილს უმატებენ და გამუდმებით ურევენ. როცა შესქელდება, ერთი კვირით ადრე, წინასწარ ძაფზე ასხმულ ნიგვზის ლებნებს გამოიტანენ და ჩურჩხელის ამოვლებაც იწყება. 

ნიგვზიან ასხმულას ცხელ თათარაში ჩადებენ, კარგად ამოავლებენ და შეიძლება ეს პროცესი ორჯერ ან სამჯერაც გაიმეორონ. როცა ამოიღებენ, ჯოხზე გაკიდებენ, რათა ჰაერი და მზე კარგად მოხვდეს. მას შემდეგ, რაც ჩურჩხელა კარგად გამოშრება, ჩამოხსნიან, თეთრ ნაჭერში გადაახვევენ და მშრალ ადგილას შეინახავენ.

ჯანჯუხა

ჯანჯუხას, როგორც მას დასავლეთ საქართველოში ეძახიან, მომზადების განსხვავებული წესი აქვს. გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ჯანჯუხის გულად ძირითადად მოხალული თხილი გამოიყენება, ბადაგს კი სიმინდის ფქვილით ხარშავენ. მას ფელამუში ჰქვია. ფელამუშში ამოვლებული ჯანჯუხა პირველი ამოვლების შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში, კიდევ ერთხელ უნდა ამოივლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაშრეს. 

რაჭაში ჩურჩხელის გულსართად ხშირად ჩირსა და გოგრის თესლსაც იყენებენ. მოხალულ გოგრის თესლს აქ რაჭველი თავადის პატივსაცემად „წერეთლის მწვადსაც“ ეძახიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა