KA

ცაიშის საკათედრო ტაძარი

თუ სამეგრელოში მინერალური წყლებით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ ცაიშს ეწვევი, შენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ურთის მთა და მის განიერ ფერდობზე აგებული ტაძარი.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ზუგდიდი

ცაიშის ტაძრის ისტორია

ურთის მთას ადგილობრივები საკრალურ მნიშვნელობას მიაწერენ. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ აქ კოლხური ცივილიზაციის არტეფაქტებია დამარხული, რომლებიც კოლხეთის სამეფოს სიდიადეს წარმოაჩენს და მეფე აიეტსა და მის ქალიშვილ მედეას ეკუთვნის. 

ამ ტაძარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი იყო, ხან მტერი ანადგურებდა და ხან სტიქია ანგრევდა, მაგრამ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც ნანგრევებიდან ტაძრის აღდგენას ახერხებდნენ. 

ურთის მთაზე ტაძარი XII-XIV საუკუნეებში აშენდა. მანამდე ამ ადგილზე X-XI საუკუნეების გუმბათოვანი ბაზილიკა მდგარა. ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. 

ცაიშის ტაძრის სტრუქტურა და მხატვრობა

ფართო და მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, ორსართულიანი სამრეკლო და საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები. 

ცაიშის ტაძრის ორნამენტებისა და რელიეფების ძველი ნიმუშები მეტ-ნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთის ფასადზე, დანარჩენ ფასადებზე კი ისინი აღდგენილია. 

ცაიშის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ეკლესიის ხატებზე გაკეთებული მინაწერები. აქედან ვიგებთ, რომ 1614 წლის დამანგრეველ მიწისძვრას ტაძრისთვის დიდი ზიანი მიუყენებია. მიწისძვრა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ბიძგები ერთი წელი გრძელდებოდა. სტიქიური უბედურების შედეგად ადრე ფეოდალური ხანის ტაძარი თითქმის მთლიანად განადგურებულა. 

ისტორიული წყაროების თანახმად, XVII საუკუნეში ტაძარი ცაიშის ეპისკოპოსმა მალაქია II-მ აღადგინა, რომელიც შემდეგ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აკურთხეს (1616-1639 წწ). XVII საუკუნის 50-60 წლებში ცაიშის ეკლესია ქვეყანაში შემოსულ მტერს გადაუწვავს. 1777 წელს ცაიშის ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა (ცაიშელი) მთავარი ტაძარი შეაკეთა, ააშენა ქვის სამრეკლო, მონასტერს გალავანი შემოავლო, შექმნა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების კოლექცია.

ტაძარში ყურადღებას იქცევს XVII საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, XVII საუკუნის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა და XVII საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.

ეზოში პალმების ბაღია გაშენებული და 600 წლის ცაცხვის ხე ხარობს. ცაიშის ტაძრის სიახლოვეს კი ძელქვის კორომია, რომელიც ძლაინ იშვიათი მცენარეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა