წინანდლის სასახლე ჭავჭავაძეების არისტოკრატულ ოჯახს ეკუთვნოდა. თავადი ალ. ჭავჭავაძე, პოეტი, მთარგმნელი და სამხედრო მოღვაწე, თავისი საქმიანობითა და პროგრესული აზროვნებით ცნობილი ფიგურა იყო როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
XIX საუკუნის დასაწყისში სასახლე ცნობილი იყო თავისი სალონური საღამოებით, რომლებსაც ევროპიდან და რუსეთის იმპერიიდან ჩამოსული, იმ ეპოქის გამოჩენილი ადამიანები, მუსიკოსები, პოეტები და მწერლები სტუმრობდნენ.
ჭავჭავაძეების სასახლის კულტურული ტრადიციები კვლავ გრძელდება.
წინანდლის მამულში ყოველ წელს, შემოდგომაზე, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ეწყობა.
ამ ულამაზეს გარემოში რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით იმართება საორკესტრო და კამერული მუსიკის კონცერტები. ამ სცენაზე გამოდიან მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები და საოპერო ვარსკვლავები.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა; ფესტივალში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე, ქეთევან ქემოკლიძე, იუჯა ვანგი, მარტა არერიხი, ნელსონ გიორნერი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, ლაჰავ შანი და სხვა.
ფესტივალისთვის წინანდლის სასახლის ბაღში აშენებულია მუსიკალური დარბაზი 900 მსმენელზე, ბიბლიოთეკა და სასტუმრო. ტერიტორიაზე არის რესტორანი და ღვინის დარბაზი - უნიკალური ვინოთეკით.
კლასიკური მუსიკისა და ცოცხალი შესრულების ძალას მართლაც ვერაფერი შეედრება, მით უფრო, როცა ეს ღვთაებრივი მელოდიები არისტოკრატულ სასახლეში და ულამაზეს ბაღში ისმის.