სპეციალისტების შეფასებით, წრომის ტაძარი ჯვრის ტიპის ძეგლების შემდგომ ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარების ახალი ეტაპია და მხატვრული ღირსებებით მცხეთის ჯვარსაც კი უტოლდება. საუკუნეების განმავლობაში ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა, თუმცა 1949, 1959, 1974-75 წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.
ტაძრის საკურთხეველი შემკული ყოფილა ფოთლოვანი ორნამენტის მოზაიკით - ქრისტეს გამოსახულებით, რომელსაც მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, გრაგნილზე კი შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, მარჯვენა ხელით ორივე მხარეს აკურთხებს, ხოლო გვერდით ანგელოზები დგანან. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავია. აქ ყოფილა ფრესკებიც ამაღლების თემაზე, რომლებმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და გადარჩენის მიზნით 1932 წელს ჩამოხსნეს. ამჟამად ისინი ხელოვნების მუზეუმში ინახება.