საშევარდნო მთის ძირას აგებული ეს ტაძარი რაჭის კულტურული ცენტრი იყო, რასაც ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი წიგნები ადასტურებს. ჭელიშის უდაბნოში თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ ბერ-მონაზვნები. აქ მოღვაწე სამღვდელოება ადგილზე იღებდა განათლებას. შესაბამისად, მონასტერი დიდ როლს ასრულებდა რაჭის მხარის სასულიერო და კულტურულ ცხოვრებაში.
ჭელიშის მამათა მონასტერში ბევრი ძველი ქართული ხელნაწერი ინახებოდა. აქ აღმოჩენილი უამრავი არტეფაქტი დღეს საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. 1902 წელს არქიმანდრიტმა, წმინდანად შერაცხილმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ერთ-ერთი პირველი ქართული ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული თხზულების „მოქცევაი ქართლისაი“ მანამდე უცნობი ხელნაწერი ინახებოდა.
მონასტრის სავანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის. გადმოცემის თანახმად, მონასტერში მიწისქვეშა გვირაბიც კი არსებულა, რომელსაც გამოქვაბულამდე მიჰყავდი.
ბერები ჭელიშის უდაბნოში IX-X საუკუნეებიდან დამკვიდრდნენ. სწორედ მაშინ უნდა აშენებულიყო ეკლესიაც. პირვანდელი სახე ტაძარმა XVI საუკუნის მეორე ნახევარში, საფუძვლიანი შეკეთების შემდეგ დაიბრუნა.