KA

ჭუბერი-ნაკრა

ულამაზესი სვანეთის სალაშქრო ზონებს შორის ჭუბერი-ნაკრის მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მანძილი 30 კმ-ია, რომლის გასავლელადაც 2 დღეა საჭირო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ჭუბერი

ჭუბერის თემი, რომელიც 10 პატარა სოფლისგან შედგება, მდინარე ნენსკრის ხეობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ადგილის უძველეს, ანტიკურ ისტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებს. აქ ნაპოვნია ძვ.წ.VIII-VII საუკუნეების ლარილარის ანტიკური ხანის კრემაციული სამაროვნები, ალექსანდრე მაკედონელისა და მეფე ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს მონეტები (სტატერები) და სხვა.

ჭუბერის თემის ცენტრი, სოფელი ქვემო მარღია. აქ, და ჭუბერის თემის სხვა სოფლებშიც საოჯახო სასტუმროები ფუნქციონირებს. მრავლადაა კარგი საბანაკე ადგილებიც.

ნაკრა

ჭუბერიდან ნაკრისკენ ლაშქრობა სასურველია დილით, 8 საათიდან დაიწყო. ნაკრაში უთვირის უღელტეხილით გადახვალ, რომელიც ზღვის დონიდან 2,714 მეტრზეა. 

გზა წიწვოვანი, უღრანი ტყით იწყება, რომელსაც ფოთლოვანი ტყე ანაცვლებს. ბოლოს კი ალპური მდელოები იშლება. ზამთარში ამ გზაზე ბევრი გარეული ცხოველი ბინადრობს, მათ შორის - დათვი და მგელი. მოგზაურობისთვის სასურველი პერიოდია ივლის-სექტემბერი.

სოფელი ნაკრა ალპურ ზონაშია. ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა გაშენებული. სოფელში საოჯახო სასტუმროები მუშაობს, სადაც ლაშქრობით დაღლილი სვანური სტუმარმასპინძლობით ისიამოვნებ. 

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა