ხანჩალის ტბის აღკვეთილი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.
სწორედ პატარა ხანჩალიდან იწყება ტბისკენ მიმავალი გზა, რომელიც სულ რაღაც 3 კმ-ია.
აქ, ტბაში, დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა.
ხანჩალის ტბა ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის ყველაზე წყალმარჩხი ტბაა, მისი წყალი მტკნარია, ტბაში და მის ნაპირებზე კი ბევრი წყალმცენარეა, რაც წლის თბილ პერიოდში უამრავ ფრინველს იზიდავს. ისინი ტბას გამრავლების პერიოდში დასაბუდებლად ან მიგრაციის დროს იყენებენ. ხანჩალის ტერიტორიაზე აღრიცხულ ფრინველთა 91 სახეობიდან ნაწილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი.
ამ ტბაზე ბუდობენ რუხი წერო (Grus grus), რუხი ყანჩა (Ardea cinerea), თეთრი ყარყატი (Ciconia ciconia), ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), ქოჩორა ხუჭუჭა ვარხვი ( P. crispus) და თეთრფრთიანი გარიელი (Melanitta fusca).