ხანჩალის ტბა განსაკუთრებით პოპულარულია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთა შორის - წელიწადის თბილ პერიოდში აქ ბევრი გადამფრენი თუ ადგილზე მობუდარი ფრინველია. ხანჩალის ტბაზე მათთვის საუკეთესო პირობებია - წყალი მტკნარია, პატარა სიღრმის გამო მალე თბება და ზედ ბევრი წყალმცენარეა.
აქ გრილი კლიმატია; ზაფხულშიც კი საკმაოდ სუსხიანი საღამოები იცის და თუ სალაშქროდ წასვლას გადაწყვეტ, აქაური კლიმატის თავისებურება გაითვალისწინე.
ტბასთან ხშირად კარვებითაც რჩებიან. ხანჩალის ტბაზე სპორტულ-სამოყვარულო თევზაობაა დაშვებული.
ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან მდინარე გიშისწყალი (აგრიჩაი) გამოედინება, რომლის ხეობაც ულამაზესია, მდინარეში კი ბევრი თევზია. სოფელ დილიფის ათეულობით წყაროც ტბიდან იღებს სათავეს.
ხანჩალის ტბა ზამთარშიც იზიდავს ფეხით მოგზაურობის მოყვარულებს, განსაკუთრებით მაშინ (ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე), როდესაც წყლის ზედაპირი ყინულის სქელი ფენით იფარება. ამ დროს ეს ადგილი ყინულის ჯადოსნურ სამყაროს ემსგავსება.