KA
Khino monastery complex

ხინოს სამონასტრო კომპლექსი

ადგილობრივი ბერები ამბობენ, რომ ხინო და, ზოგადად, კოლხეთი სამყაროს გულია, რადგან დიდ გამყინვარებას დედამიწაზე მხოლოდ კოლხური ტყეები გადაურჩა. სწორედ აქ, კოლხეთის ტყეებში, მდინარე კინტრიშის ხეობაში დგას ხინოს მონასტერი.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქობულეთი

ხინოს სამონასტრო კომპლექსის ისტორია

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხინოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე კინტრიშის ხეობაში, ბათუმიდან 60 კმ-ში მდებარეობს, თითქმის 11 საუკუნეს ითვლის. დღეს ტაძრის მხოლოდ რამდენიმე კედელია შემორჩენილი და ის, არქიტექტურული სტილის მიხედვით, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.  

გარდა სიძველისა, საყურადღებოა ტაძრის დანიშნულებაც – IX საუკუნეში, პეტრას საეპისკოპოსო ცენტრის გაუქმების შემდეგ, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, საეპისკოპოსო ცენტრმა ხინოწმინდაში გადაინაცვლა და დასავლეთ საქართველოს სასულიერო ცხოვრებაც სწორედ აქედან იმართებოდა.

მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, სამონასტრო კომპლექსის თაობაზე ისტორიული წყაროები თითქმის არ შემონახულა. ცნობები მის შესახებ მხოლოდ XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომებსა და რამდენიმე ეპისკოპოსის ჩანაწერებში გვხვდება, სადაც ვკითხულობთ, რომ ოსმალთა ბატონობის პერიოდშიც კი ხალხი ტაძარს არ ტოვებდა. 

ხინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრამ არსებობა, ოსმალთა შემოსევის გამო, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შეწყვიტა. ამის შემდეგ ტერიტორიას ადგილობრივი მოხუცი, ვინმე ცეცხლაძე უვლიდა. 

საინტერესო ისტორიის გარდა, ხინოს სამონასტრო კომპლექსი ულამაზესი ბუნებითაც მოგაჯადოებს. კინტრიშის მწვანე ხეობა - მდინარე, მთები და ლურჯი ცა თითქოს იდუმალი მხატვრის საუკეთესო ნამუშევარია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა