KA
Khobi Monastery

ხობის მონასტერი

ხობიდან 4 კმ-ში, ზუგდიდის საავტომობილო გზასთან ახლოს, ხობის მონასტერი მდებარეობს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნოჯიხევის მონასტერი. საუკუნეების განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სიწმინდეები იყო დაცული, რის გამოც ამ უძველეს ნაგებობას სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სტუმრობდა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ხობი

მონასტერში დაცული სიწმინდეები

საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარებამდე ხობის მონასტერში დასვენებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი - ვერცხლის ჩასასვენებლით. ერთ-ერთი ვერსიით, კვართი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში VIII-IХ საუკუნეებში წამოუღიათ, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III-მ ხატები აკრძალა და მათი დევნა დაიწყო.

წმინდა მარიამის კვართის გარდა, ხობის მონასტერში წმინდანების ნაწილებიც ინახებოდა. ასევე - დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. 1923-1936 წლებში ხობის ტაძარში დაცული სიწმინდეები ზუგდიდის მუზეუმს გადაეცა.

ხობის მონასტრის არქიტექტურა

ხობის მონასტრის არქიტექტურულ კომპლექსში შედის: ტაძარი, საკათალიკოსო სასახლე, ეკლესიის ზღუდეში ჩაშენებული ორსართულიანი შენობა, მარანი, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობები. ისტორიული წყაროების მიხედვით კი, ხობის მონასტერი სადადიანოს მთავართა საძვალე იყო. ტაძრის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად მიაკვლიეს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარის ნაშთს. მონასტრის გალავანთან უძველესი ტაძრის ნანგრევებია აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება.

არსებობის მანძილზე მონასტერმა უამრავი ძარცვა-რბევა განიცადა, მაგრამ მოტაცებული სიწმინდეების დაბრუნებასა და შენარჩუნებას ის ყოველთვის ახერხებდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა