KA
ხრიდოლი - ქართული საბრძოლო ხელოვნება

ხრიდოლი - ქართული საბრძოლო ხელოვნება

ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მისი ფესვები და ბრძოლის წესი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.

სიტყვა „ხრიდოლის“ საფუძველი ხრიკიდან მოდის, რადგან  ასეთი წესით ბრძოლა ნიშნავდა მეტოქის დამარცხებას გონიერებით, სიბრძნით, ხერხით და, ამასთანავე, ერთგვარი ოსტატობის დონის მაჩვენებელიც იყო. თანამედროვე ხრიდოლში, როგორც სპორტულ სახეობაში, ამოღებულია ილეთები, რომლებიც მოწინააღმდეგის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. საბრძოლო ხელოვნების ის სახეობები, რომლებსაც ხრიდოლი შეისწავლის, უძველესია. როცა 1997 წელს საქართველოში ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენა დაიწყო, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციამ ხრიდოლში გააერთიანა ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვა ოთხი მიმართულება: ჭიდაობა, რკენა, ფარიკაობა, მშვილდოსნობა და კრივი.

ჭიდაობა

არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული. აქ ბრძოლა მხოლოდ დგომში მიმდინარეობს, აკრძალულია შეჯიბრის ჩოქბჯენში გაგრძელება, აგრეთვე, ხელებით ქვედა კიდურების დაჭერა, მტკივნეული ილეთების გამოყენება და ე.წ. გაგუდვა. 

რკენა

რკენა (ხევსურული ჭიდაობა) თავისი წესებით საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული ქართული ჭიდაობისაგან. აქ დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება. ხევსურეთში შემორჩენილი ტრადიციის თანახმად, რკენაში „მუქასარში“ (შარვლის ტოტებში) ხელის ჩავლებით ილეთების შესრულებაც დასაშვებია.

ფარიკაობა

ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები ხმლითა და პატარა წრიული ფორმის ფარით იბრძვიან. სპორტული შეჯიბრებისას ხრიდოლის მებრძოლები ხის ფარ-ხმალს იყენებენ. აქ აკრძალულია ხმლის მოქნევა მხრიდან. ეს შეზღუდვა ქართული ადათიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, როცა მოსისხლე მტერს არ ებრძვი, მოწინააღმდეგეს მაჯიდან უნდა მოუქნიო ხმალი და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობა მიაყენო. 

მშვილდოსნობა

ხრიდოლში შემავალ მშვილდოსნობაში სპეციალურად დამზადებული ხის მშვილდები გამოიყენება. დასაშვებია რქისგან დამზადებული მშვილდის გამოყენებაც. აკრძალულია თანამედროვე სპორტული მშვილდებით შეჯიბრება. განსაზღვრული არ არის მშვილდის ზომა, ეს შეჯიბრების მონაწილეების ასაკსა და სურვილზეა დამოკიდებული.  

კრივი

ქართულ კრივში ბრძოლა ხრიდოლის ჩოხით მიმდინარეობს. ძველ დროს უხელთათმანოდ იბრძოდნენ, ახლა ხრიდოლის სპეციალური ხელთათმანებით იბრძვიან. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება, დარტყმა მუშტით, ფეხით, თავით, მუხლით, იდაყვით სხეულის თითქმის ყველა ნაწილში. სახეში იდაყვის, მუხლისა და თავის დარტყმა აკრძალულია სპორტული ასპარეზობის დროს. 

ხრიდოლის საბრძოლო ჩოხა

ხრიდოლში საასპარეზო ტანისამოსი ქართული ტრადიციული საჭიდაო ჩოხაა, რომელიც ჩვენში XX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე იყო ხმარებაში. ეს საბრძოლო ჩოხა ოცდაათიან წლებში შეიცვალა, რის გამოც არაერთი ფანდი გაუქმდა და ჭიდაობამაც განსხვავებული სახე მიიღო. ეს საბრძოლო ჩოხა 1997 წელს, ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დაფუძნებისას აღადგინეს და დღეისათვის ხრიდოლში გაერთიანებული ხუთივე სახეობის ოფიციალური ფორმაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა