თბილისში მუსლიმი მოსახლეობა არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან გაჩნდა.
შუა საუკუნეებში ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც, გადმოცემით, ირანის შაჰმა ისმაილ I-მა 1522-1524 წლებში ააშენა. ის 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს დაანგრიეს.
1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმ დროს თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში კი ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-51 წლებში ის არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აღადგინეს, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი მეჩეთი აშენდა.
თბილისის ჯუმა მეჩეთი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც 150 წელზე მეტია, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.
გარდა ამ უნიკალურობისა, ჯუმა მეჩეთს ორი მიჰრაბი აქვს - ადგილი, სადაც იმამი - წინამძღვარი დგას და ლოცვას აღასრულებს. აქ პარასკევის ტრადიციული (ჯუმის) ლოცვის გარდა, სრულდება ბაირამის სადღესასწაულო ლოცვები და აღინიშნება ყველა რელიგიური დღესასწაული.