KA
Jumati Monastic Complex

ჯუმათის მონასტერი

გურიის მხარეში, ქალაქ ოზურგეთიდან 14-15 კმ-ის დაშორებით, ჯუმათის მთაზე აღმართულია ფეოდალური ხანის მონასტერი, რომელიც გურიის საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ჯუმათის მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. XV-XIX საუკუნეებში ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო და აქ დიდი საგანძური - ძვირფასი ხატები და ნივთები ინახებოდა.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

ჯუმათის მონასტრის ისტორია

1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როცა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი გურიაზე გადიოდა, გურიას რუსი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი სტუმრობდა. იმ პერიოდში ერმაკოვმა ფოტოზე აღბეჭდა ჯუმათის მონასტერი და მასში დაცული სიწმინდეები და ამით ისტორიას ძვირფასი მასალა შემოუნახა.

XX საუკუნის დასაწყისში, ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ,  მონასტერი ბევრჯერ გაუძარცვავთ. 1924 წლისთვის დაკარგული იყო თითქმის ყველაფერი. ჯუმათის მონასტრის სიწმინდეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კოლექციაში გამოჩნდებოდა ხოლმე; მათ შორის, XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის ოქროს ხატის ორი ფრაგმენტი სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში ინახება, წმინდა თევდორეს მედალიონი კი -  სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში. რისი დაბრუნებაც მოხერხდა, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. 

კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იდგა, ერთხანს მოსწავლეთა ბანაკიც იყო მოწყობილი.

ჯუმათის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა და იქ დღემდე აღევლინება წირვა-ლოცვა.

ჯუმათის მონასტერი დღეს

ამჟამად მონასტრის ტერიტორიაზე გვხვდება: მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (მთავარი ტაძარი) - შენობა VI საუკუნეში უნდა იყოს აგებული, XII საუკუნეში განუახლებიათ და XVIII საუკუნეში მოუხატავთ; ხარებისა და მირქმის სახელობის პატარა ეკლესიები (1990-იან წლებში აგებული), ასევე სამრეკლო (1904 წელს აგებული). მონასტერი გარშემორტყმულია ქვის მაღალი გალავნით.

მონასტრის ძველი სამრეკლო, რომლის ზედა ნაწილი ახლა დანგრეულია, განთქმული ყოფილა თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა სამეგრელოსა და იმერეთშიც კი ისმოდა.

ზღვის დონიდან 492 მეტრზე აგებული ტაძრის ეზოდან ჰორიზონტზე ულამაზესი პანორამა იშლება: კოლხეთის დაბლობი, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი.

კარგ ამინდში შესაძლებელია ჭაღარა იალბუზსაც მოჰკრა თვალი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა