აბულის ციკლოპური ციხე ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით თარიღდება, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ციხემდე ციცაბო ბილიკს ფეხით უნდა აუყვე, რომელიც ხან ბალახზე მიდის, ხან კი ლოდებზე გრძელდება.
პატარა აბულის მთის სამხრეთი კალთა, რომელზედაც ეს ციხე დგას, მორენებით - უზარმაზარი ლოდების ნამტვრევების გროვითაა დაფარული. უძველესმა ადამიანებმა ამით ისარგებლეს და სამალავები შექმნეს, რომლებსაც მტერი ვერაფრით შეამჩნევდა.
აბულის ციხე კი მორენების სამალავების შუაში ბაზალტის ლოდებით, უქვიტკიროდ, მეგალითური, ანუ ციკლოპური წყობით არის აგებული.
მშრალად ნაგები კედლის სიმაღლე ზოგ მონაკვეთში 5 მეტრამდე აღწევს, სიგანე კი 3 მეტრია.
ციხესიმაგრე გალავნის, შიდა ციხისა და სათავს-სადგომებისგან შედგება. ციხის შიგნით 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად განლაგებული.
აბულის ციკლოპური ციხე ძლიერი და მიუვალია. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ციხე 3500 წლის წინათ თავდაცვითი ნაგებობა იყო. აბულის ციხის სამხრეთით წყარო გადმოდის, რომლითაც, სავარაუდოდ, ციხის მცველები და იქ თავშეფარებული მოსახლეობა სარგებლობდა.
პატარა აბულის მთის ფერდობიდან ფარავნის ტბასა და დიდი აბულის მთასაც დაინახავ.