KA
ალადასტური

ალადასტური

„არ დამსაჯოთ, ამ ღვინის დალევაზე ალაჰმა დასტური მომცა!“ – ზოგიერთი ისტორიკოსი საქართველოში შემოსული არაბული ჯარების ერთ-ერთი ჯარისკაცის ამ ნათქვამს უნიკალური ვაზის ჯიშის – ალადასტურის (ალაჰ დასტურ) სახელწოდების წარმოშობას უკავშირებს.

ალბათ არაბებამდე მას სხვა სახელი ერქვა, რომელიც ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოგვინახა. ჯარისკაცის ამბავი რამდენად მართალია, ეს საკითხავია, მაგრამ ერთი კი ფაქტია – არაბებს იმდენად მოსწონებიათ საქართველოში ამ ყურძნის წვენისგან დაყენებული ღვინო, რომ, მიუხედავად მათ აღმსარებლობასთან აბსოლუტური შეუთავსებლობისა, გემრიელად და უხვადაც შეექცეოდნენ.

სად შეხვდები ალადასტურის ვენახებს?

ალადასტურის ვენახს ისტორიულად ქვემო იმერეთსა და გურიაში აშენებდნენ, უფრო მეტად კი გურიაში. ეს იმდენად გამძლე და ძლიერი ვაზია, რომ მაღალ ხეებზეც რომ გაუშვა და არ მოუარო, მაინც საოცრად უხვ მოსავალს მოგცემს. ბევრი გურული გლეხი ასეც იქცეოდა და ამ ულამაზეს მხარეში რთველიც განსხვავებული იციან  – ყოჩაღი კაცები ხეებზე ადიან, თან თოკზე გამობმული გიდელი მიაქვთ, ავსებენ და ნელ-ნელა უშვებენ ქვემოთ დასაბინავებლად. გიდელი მოწნული ჭურჭელია, რომელსაც წვეტიანი ძირი აქვს. ეს იმიტომ, რომ ზემოდან დაშვებისას ძირი ხის ტოტებს არ გამოედოს და მოსავალი არ დაიბნეს. ალადასტურის ხეებზე გაშვება კიდევ იმიტომ არის მოგებიანი გურულებისთვის, რომ ეს მხარე მთაგორიანი და მცირემიწიანია, თანაც მაღალი ტენიანობაა და დიდ სიმაღლეზე გაშვებული ვაზი კარგადაც ნიავდება (რაც სოკოვანი დაავადებების გაჩენისგან იცავს).

დღეს ალადასტური კლასიკურ ვენახებადაა გაშენებული და კარგი მოსავლიანობითაც გამოირჩევა. ალადასტურის მოსავალი ზამთრის პირას – ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იკრიფება. მაგრამ სანამ ღვინო თქვენს ჭიქაში აღმოჩნდება, მას თითქმის მთელი წლის მანძილზე სჭირდება შრომა. როგორც ამბობენ, „ალადასტურს ახალ პატარძალზე მეტი მოვლა-პატრონობა უნდა“. 

ღვინო ალადასტური

და მართლაც, თუ მეღვინე-მევენახემ ძალ-ღონე და გულისხმიერება არ დაიშურა, კარგ წითელ ღვინოს მიიღებს. ალადასტურისთვის ტიპურია წითელი ხილისა და შავი პილპილის არომატები.

ალადასტური და კერძები

ყველა ღვინოს თავისი შესაფერისი კერძი სჭირდება. დიახ, ღვინოს – კერძები და არა პირიქით. ალადასტურს ძალიან უხდება როგორც ხორცეული – შემწვარიც და მოხარშულიც, ისე ზღვის პროდუქტები. ის აღმოსავლურ კერძებთანაც კარგად მეგობრობს. ზაფხულში ჩაცივებულ ალადასტურს ძალიან უხდება ადგილობრივი სეზონური ხილი. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი, როდესაც საქართველოში ჩამოხვალ, საკუთარი შეგრძნებებითა და სურვილებით უფრო კარგად მიაგნებ შესაბამის კერძებს და, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი სომელიეს რეკომენდაციაც დაგეხმარება.

ალადასტური ფოლკლორსა და ლიტერატურაში

შეუძლებელია, ღვინოს განსაკუთრებული ადგილი არ დაეკავებინა ფოლკლორულ ნიმუშებში

ასევე საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად ხალხურ ფოლკლორში სწორედ ალადასტურის ვაზი და ღვინოა მოხსენიებული. ალადასტურს ნახავ ისტორიულ წყაროებშიც, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ გამონათქვამებსა და ანდაზებში. არადა ალადასტური სხვა ჯიშის ვენახებზე ბევრად ნაკლებ ფართობზეა გაშენებული საქართველოში. 

ალადასტურს თანამედროვე მწერლობაშიც შეხვდები.

სხვა დეტალები

ალადასტური ახალი ღვინოების კატეგორიაში გადის. ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას კარგად იტანს და 3-5 წლამდე უცვლელად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა