KA
Alazani Floodplain Forests Natural Monument

ალაზნის ჭალა

წარმოუდგენელია, ალაზნის ჭალა დაათვალიერო და გასაოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ არ მოექცე - ეს ბუნებრივი წარმოშობის ლიანებიანი ჭალის ტყე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის სოფელ ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის ყურეში, 204 ჰექტარზეა გაშლილი. ამ ხეობისათვის დამახასიათებელი ლიანებიანი ტყეები დღეს მხოლოდ აქ არის შემორჩენილი და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

ალაზნის ჭალა - ბუნებრივი სამიგრაციო დერეფანი

ალაზნის ჭალა უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ძეგლია, რომელიც ათეულობით სახეობის ფრინველისა და იშვიათი, გადაშენების პირას მისული მცენარეებისთვის თავშესაფრის როლს ასრულებს. ამასთანავე, ალაზნის ჭალის ტყე ბუნებრივი სამიგრაციო დერეფანია უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების ზონებიდან კავკასიონის მთავარი ქედისკენ. ამ „ეკოლოგიური დერეფნით“ სარგებლობენ მთელი რიგი ცხოველთა სახეობები და გადამფრენი ფრინველები.

ალაზნის ჭალის მრავალფეროვანი ბუნება

მდინარე ალაზნის ყურეში ველური კაკლის ბუნებრივ ვრცელ ჰაბიტატსაც შეხვდები. ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც კაკლის ამგვარი სახეობა ხარობს და ამ მონაკვეთს „კაკლის ყურე“ ეწოდება.

ალაზნის ჭალაში ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების უნიკალური ეგზემპლარებიც დაგხვდება, რომლებიც აქაურობას კიდევ უფრო ზღაპრულ ელფერს სძენს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა