XIII-XV საუკუნეების ციხესიმაგრე ძნელად მისადგომ კლდოვან ქედზეა აღმართული. მისი სიმაღლიდან მთების, ხეობების, მცხეთისა და მიმდებარე ტერიტორიების ულამაზესი ხედები იშლება. არმაზის ციხეს 30 ჰექტარი უკავია და თავისი სიძველითა და მასშტაბებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ ციხედ მიიჩნევა.
ნატეხი ქვით აგებული ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. გალავნის სამხრეთ ნაწილში წიბოებმომრგვალებული სამკუთხა პრიზმის ფორმის კოშკი დგას. პერიმეტრის გასწვრივ კი ციხის გალავანს ტრაპეციის ფორმა აქვს. პირველი სართული ყრუა, შიგნით - სამეურნეო დანიშნულებისთვის გადატიხრული. მეორე სართულზე მოზრდილი სარკმლები დაგხვდება. რაც შეეხება მესამე სართულს, აქ კედლების ქვედა ნაწილიღაა შემორჩენილი.
არმაზის ციხემდე მისასვლელი გზა მცხეთის დასავლეთ გასასვლელთან იწყება. აქ აბრასაც შენიშნავთ წარწერით - „არმაზის ციხე“. რკინიგზასა და სამანქანო გზას რომ გადახვალ, ტყეში მიმავალ ბილიკზე აღმოჩნდები, რომლიც მდინარე არმაზისხევს მიუყვება და არმაზისციხემდე ადის.