KA
Artsivi Gorge

არწივის ხეობა

არწივის ხეობა საქართველოს კიდევ ერთი შესანიშნავი ბუნების ძეგლია, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით მდებარეობს და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება. ხეობა იდეალურია ლაშქრობისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

არწივის ხეობის ბუნების ძეგლი ორ ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგან ერთი - კირქვიანი კლდეების კანიონია, ხოლო მეორე კანიონის მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც ხორნაბუჯის ციხესიმაგრე მდებარეობს. ამ ორ ობიექტს ერთმანეთთან 7 კმ სიგრძის საავტომობილო გზა აკავშირებს.

კანიონში შეგხვდება კახეთის ენდემური მცენარე, ულამაზესი კახეთის მაჩიტა (Campanula kachetica) - მის ნაზ, თეთრ ყვავილს რომ შეხედავ, ვერაფრით ამოხსნი, რატომ აირჩია ამ პირქუში კლდის ნაპრალებში სიცოცხლე. აქვე იზრდება წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელსაც საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ ნახავ.

არწივის ხეობა 60-მდე სახეობის ფრინველის საბინადრო გარემოა. აქ ისეთი სახეობის ფრინველებს შეხვდები, როგორებიცაა: შავი ყარყატი, ორბი და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა არწივი. ამიტომ არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ხეობაში 1-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკიც არის მოწყობილი.

რაც შეეხება ხორნაბუჯის ციხეს, ის მიუვალი კლდოვანი მთის წვერზე დგას და V საუკუნეშია ნაგები. ციხეზე ადის ციცაბო გზა და მასზე ასვლა სიფრთხილეს მოითხოვს. ციხიდან ხელისგულივით დაინახავ ალაზნის ველს და აღმოსავლეთ კავკასიონს.

ხორნაბუჯის ციხის ქვეშ საპიკნიკე ადგილია მოწყობილი. აქ შესვენების შემდეგ შეგიძლია, ელიას მთისკენ აიღო გეზი და VI საუკუნის, კლდეზე ნაშენი ძეგლი, წმ. ელია თეზბიტელის ტაძარი მოინახულო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა