მარშრუტი არხოტის ხეობის სოფელ ახიელიდან იწყება, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. აქედან მდინარე ასას ხეობას გაუყვები და 3 კმ-ში სოფელ ამღასთან მიხვალ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრია. ამღა არხოტის ხეობის ბოლო ქართული სოფელია - აქედან ინგუშეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 18-20 კმ-ია.
დაახლოებით 1.5 კმ-ში მდინარე ასას ხეობაში ჩადიხარ, ბილიკი თანდათან ვიწროვდება და კანიონში შედის, სადაც გზად მდინარე უნდა გადაკვეთო და მის მარჯვენა სანაპიროს გაუყვე.
აქედან 3 კმ-ში მდინარე ასას მარჯვენა შენაკადი უერთდება - მდინარე ტანიესწყალი. ის საკმაოდ ღრმაა და გარკვეულ ადგილებში მისი გადავლაც მოგიწევს.
12 კმ-ის გავლის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პუნქტთან მიხვალ. აუცილებელია, რეგისტრაცია გაიარო, რადგან იქვე ახლოს რუსეთის (ინგუშეთის) საზღვარია. შემდეგ შეგიძლია აქვე დაბანაკდე ან ტანიეს ტბის მიმართულებით გააგრძელო გზა - ტბამდე დაახლოებით 6 კმ-ია.
გულის ფორმის ულამაზეს, კამკამა ტბასთან, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2232 მეტრ სიმაღლეზეა, შესანიშნავი საკემპინგო ადგილებია. ტბაში გაგრილებაც შეიძლება, თუ ამ ცივ წყალს გაუძლებ.
ტანიეს ტბიდან ხეობას ზემოთ, ტანიეს უღელტეხილისკენ გაუყვები და საკვანძო გზაგასაყარზე აღმოჩნდები. სამხრეთისკენ არ უნდა წახვიდე, გზა ქვემოთ, სოფელ უკანხადუს მიმართულებით უნდა გააგრძელო.
დაახლოებით 1.5 კმ-ის შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით ფერდობზე გადაუხვევ. ქვემოთ არ ჩახვიდე - ფერდობს გაუყევი, სანამ ქედზე არ გადახვალ.
ქედზე 1 კმ-ის გავლის შემდეგ ქედების შესაყარს მიადგები. გეზი აღმოსავლეთით აიღე და მარცხნივ არსებულ ქედს გაუყევი.
3 კმ-ის შემდეგ კვლავ ქედების გზაგასაყარია და კვლავ მარცხნივ გააგრძელე გზა. ქედიდან კისტანის ციხეებს დაინახავ. 2 კმ-ს რომ გაივლი, ქედის მარჯვნივ ხეობაში დაეშვები, სოფელ კისტანთან, კისტანის ციხეების მარჯვნივ ჩახვალ და გზისპირზე აღმოჩნდები.
კისტანს (ზღვის დონიდან 2080 მ) ციხე-ქალაქსაც უწოდებენ. აქ ფეოდალური ხანის 30-ამდე ციხეა, რომლებსაც როგორც თავდაცვითი, ისე საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდა. ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი ციხე-სახლები და მათ უკან ცამდე აზიდული მთები საოცარი სანახავია.
კისტანიდან შეგიძლია, მანქანით გააგრძელო გზა შატილისკენ ან ბარში დაბრუნდე ბარისახოს მიმართულებით.