მარშრუტი შიდა ქართლიდან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან იწყება. ეს სოფელი მდინარე ტანის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ქალაქ გორიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. ატენის სიონამდე სამანქანო გზით მიხვალ. ტაძრიდან დამჩქერას ჩანჩქერამდე კი ტყის ბილიკს გაუყვები.
ატენის სიონი ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ინტერიერი XI საუკუნეში ხელახლა მოუხატავთ, თუმცა ალაგ-ალაგ უძველესი დეკორის ფრაგმენტებსაც ნახავ. ის VII საუკუნის პირველ ნახევარში ნაგები ჯვარგუმბათოვანი ტაძარია და ფორმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვარს. საშენ მასალად გამოყენებულია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრები. ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და ფრესკებზე ღვთისმშობლის სახესა და მისი ცხოვრების სცენებს მთავარი ადგილი უჭირავს.
ატენის სიონის შემდეგ მდინარე ტანის მარცხენა ნაპირს, სიმწვანეში ჩაფლულ ხეობას უნდა გაუყვე და გზა დამჩქერას ჩანჩქერთან მიგიყვანს. აქ პატარა ჩანჩქერის მიმდებარედ საპიკნიკე ადგილებსაც მრავლად შეხვდები და ადგილობრივი ბუნების მშვენიერება ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად გექცევა