აჭარული ხაჭაპური დღეს ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა და ვინც ამ ქალაქს სტუმრობს, აუცილებლად აგემოვნებს ამ გამორჩეულ კერძს. გაითვალისწინე, რომ ხაჭაპური საკმაოდ ნოყიერია და მისი მირთმევის განსაკუთრებული წესიც არსებობს. კერძი შეგიძლია ორივენაირად მიირთვა - ხელით ან დანა-ჩანგლით, მთავარია ის ცხელ-ცხელი იყოს. ასევე გაითვალისწინე, რომ გამომცხვარ „ნავში“ მოთავსებული ცხელი ყველი, თოხლო კვერცხი და კარაქი ერთმანეთში კარგად უნდა აურიო, ისე, რომ ფორმას ბაქანი არ დაურღვიო და გულსართი არ გადმოღვარო.
ცომისთვის დაგჭირდება:
ფქვილი – 400 გრ
რძე ან წყალი – 500 მლ
საფუარი – 10 გრ
შაქარი – 1 ჩაის კოვზი
მარილი –1 ჩაის კოვზი
კვერცხი – 2 ცალი
გულსართისათვის საჭიროა:
იმერული ყველი (ნაკლებად მარილიანი ) – 400 გრ
სულგუნი – 100 გრ
რძე – 1 ყავის პატარა ჭიქა
კვერცხი – 2 ცალი
კარაქი – 40 გრ
თბილ რძეში ან წყალში ვხსნით საფუარსა და შაქარს. ცალკე თასში ვათავსებთ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილს, ვამატებთ მარილსა და კვერცხის გულს, ვასხამთ საფუვრიან მასას და ვზელთ ცომს. უკვე მოზელილ ცომს ხელახლა გადავზელთ ზეთში დასველებული ხელით, ჩავდებთ ღრმა თასში, რამდენიმე ადგილას თითით ჩავჩხვლეტთ, რომ ცომმა ისუნთქოს და ზემოდან მშრალ ტილოს ან სამზარეულოს ცელოფანს გადავაფარებთ. 30 წუთში ცომს ისევ გადავზელთ და ვაცდით, რომ კარგად ამოფუვდეს.
გულსართისთვის გავხეხავთ სულგუნს და იმერულ ყველს. დავამატებთ 1 სუფრის კოვზ რძეს და ავურევთ. აფუებული ცომიდან ავიღებთ 250-300-გრამიან გუნდას და თანაბრად გავაბრტყელებთ 2-3 სმ სისქემდე. მივცემთ მოგრძო ფორმას. მოვაყრით ყველს ისე, რომ ირგვლივ ცომის ცარიელი არე დარჩეს და შემდეგ ნაპირებს შევკრავთ. უნდა მივიღოთ ცომის ნავისებური ფორმა, რომლის შუაშიც ყველს მოვათავსებთ.
ხაჭაპური ფქვილმოყრილ საცხობზე უნდა დავდოთ, ცხელ ღუმელში შევდგათ და 230 გრადუსზე გამოვაცხოთ. კარგად რომ დაიბრაწება, გამოვიღოთ, გულში ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი და 2-3 წუთით ისევ შევაბრუნოთ ღუმელში. უკვე მზა ხაჭაპურს შუაში ჩავუდოთ კარაქის გაყინული ნაჭერი.
აჭარული ხაჭაპურის ხანდაზმული მცხობლები ერთ საჭირო რჩევასაც გვიზიარებენ: ცომი ყოველგვარი ხელთათმანის გარეშე, შიშველი ხელით უნდა მოვზილოთ, რათა მას ჩვენი ენერგეტიკა და სითბო გაჰყვეს. მათ სჯერათ, რომ ასე მომზადებული „აჭარული ხაჭაპური“ გაცილებით გემრიელია.