KA
Akhaltsikhe Synagogue

ახალციხის სინაგოგა

საქართველოში ებრაელები ძვ. წ. VI საუკუნეში ჩამოვიდნენ და ამ 26 საუკუნის განმავლობაში ადგილობრივებთან თანასწორი უფლებებით მონაწილეობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. არსებობს კიდეც ტერმინი „ქართველი ებრაელი“, რომელიც სწორედ ღირსებისა და თანასწორობის გამომხატველია. დღეს ქართველ ებრაელთა ნაწილი სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

ახალციხის ებრაულ უბანში ორი სინაგოგა (ზედა და ქვედა, როგორც ადგილობრივები უწოდებენ) და ებრაელთა დიდი სასაფლაო მდებარეობს. 

ახალციხის ზედა სინაგოგის სამხრეთ კედელზე არსებული წარწერა გამცნობს, რომ სინაგოგა 1862 წელს აშენდა. ის საქართველოში დღემდე შემორჩენილ სინაგოგებს შორის ყველაზე ძველია. 

აქ ინახება ორი სეფერ-თორა (რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 500 წლის წინათ უნდა შექმნილიყო) და სხვა მრავალი ისტორიული ნივთი, რომლებიც სამხრეთ საქართველოს საგანძურია. 

ზედა სინაგოგა მოქმედია, თუმცა, მრევლის სიმცირის გამო, მსახურება ყოველდღე არ მიმდინარეობს - გასული საუკუნის 60-80-იან წლებში საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელში დაბრუნების უფლება მისცეს და ახალციხეში რამდენიმე ოჯახი დარჩა. 

სინაგოგის სიახლოვეს ებრაელების 400 წლის სასაფლაოა, სადაც 5 ათასზე მეტი საფლავია. საფლავის ქვებზე ქართულ და ებრაულ ენებზე შესრულებული წარწერებია შემორჩენილი, რაც ქართულ-ებრაული თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა