ახალციხეს დაარსებაზე ერთი ასეთი ლამაზი ლეგენდა არსებობს: წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი სწორედ ახალციხესთან, რომელიღაც მთის ფერდთან გაჩერებულა, ნოეს ფეხი ნანატრ მიწაზე დაუდგამს და ძალიან მოსწონებია აქაური ღვინო, რომლითაც ადგილობრივები გამასპინძლებიან. არავინ იცის, მართალია თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ახალციხე მართლაც შთამბეჭდავია თავისი ბუნებით, მულტიკულტურიზმის, ტოლერანტობის, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ცენტრი ნამდვილად არის.
თბილისიდან ავტობანით დაახლოებით 100 კილომეტრში ქალაქი ხაშური შეგვხვდება, საიდანაც მარცხნივ გადავუხვევ და ბორჯომის ხეობის საოცარ ბუნებაში აღმოჩნდები. სწორედ აქედან იწყება ზიგზაგი გზა, რომელიც მდინარე მტკვრის კალაპოტს იმეორებს და შესაძლებლობას გაძლევს, ახალციხემდე წიწვოვან ტყეებში ჩაფლულმა იარო.
აქ ტრაფარეტზე წარწერა – „ახალციხე“ დაგხვდება და საქართველოსთვის სტანდარტული ურბანიზაციის პატარა ქალაქში მოხვდები. ქალაქის ცენტრში დიდი ბეტონის ხიდის ქვეშ გაივლი, რომელსაც ასეთი საამაყო წარწერა ამშვენებს: „რაბათი – ტოლერანტობის სიმბოლო“, უცებ კი პატარა უბანში აღმოჩნდები, სადაც შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი დაგხვდება.
ახალციხელები განსაკუთრებული ტოლერანტობით გამოირჩევიან და ამას ერთ ტერიტორიაზე აგებული მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, მეჩეთი და კათოლიკური ეკლესია მოწმობს. სწორედ ამიტომაა ახალციხის ერთ-ერთი სლოგანი „ტოლერანტობის ქალაქი“.
ახალციხის ციხის ისტორია IX საუკუნიდან, ქალაქის განვითარებასთან ერთად იწყება. ეს ადგილი ისტორიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო-კულტურული ცენტრი გახლდათ და დამპყრობლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვდებოდა - მათ არაერთხელ დაურბევიათ ციხე-ქალაქი. პირველად ის XII-XIII საუკუნეებში აღუდგენიათ მაშინდელ თავადებს - ჯაყელებს და თავადაც აქ დაუდვიათ ბინა.
ციხის ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობები დგას: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია განთავსებული. ასევე მეჩეთი, მედრესე, IX საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი და სხვა.
რაბათი სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, უკრაინელები, პოლონელები, ებრაელები, ბერძნები და რუსები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლოკოკინას მხოლოდ ახალციხეში და მის სოფლებში მიირთმევენ. ამ კერძის სეზონი პირველი ყინვის დადგომიდან იწყება და გაზაფხულის პირველ ჭექა-ქუხილამდე გრძელდება. ახალციხელები ლოკოკინასგან სხვადასხვა კერძს, მათ შორის - ხინკალსაც კი ამზადებენ.
ლოკოკინას მოპოვება მარტივი არ არის, ისინი მიწაში იდებენ ბინას და მათი ძებნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. 1 კილოგრამი ლოკოკინას კერძის მოსამზადებლად 150 ცალი მოლუსკი უნდა მოგროვდეს, ამიტომ აქაურები ლოკოკინებზე სანადიროდ ჯგუფებად დადიან.
ახალციხელების სამზარეულო მართლაც რომ მრავალფეროვანია. აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნო თათარბერაკი – ძველი მესხური კერძი, რომელსაც მაწონი უხდება. ეს არის მოხარშული ცომის თხელი ნაჭრები, ზემოდან მოსხმული ერბოთი, შემწვარი ხახვითა და დანაყილი ნივრით.
ასევე, აუცილებლად უნდა დააგემოვნო მესხური აპოხტი, რომელიც დამარილებული გამომშრალი ხორცია და მას ზამთრისთვის ყველა სოფელში ამზადებენ, შემდეგ მას წვრილ ნაჭრებად ჭრიან, ნივრითა და შავი პილპილით აზავებენ და ერთმანეთში კარგად ურევენ. სწორედ აპოხტის ასეთი მასა გამოიყენება მესხური ხინკლის შიგთავსად.
კიდევ ერთი აქაური საოცრებაა ტენილი ყველი და იცოდე, რომ ასეთ რამეს სხვაგან ვერსად გასინჯავ. სპეციალური დამუშავების შემდეგ ყველს, რომელსაც ძაფების ფორმა ეძლევა, დასამწიფებლად თიხის ქოთანში ტენიან და რამდენიმე თვე აჩერებენ.
ახალციხეში ტკბილეულიც ძალიან გემრიელია, მაგალითად, ქადა – მსუყე და ტკბილი ცომეული, რომელიც ერთგვარი ნამცხვარია ფენოვანი ცომით.
მესხეთი მეღვინეობით ოდითგანვე გამოირჩეოდა. ახალციხის შემოგარენში ბევრგან ნახავ მთებზე გაშენებულ ვაზს ტერასებად, ეს იმიტომ, რომ რთულ რელიეფზე სტანდარტული ვენახი ვერ გაშენდება.
მესხეთში თანამედროვე მევენახეებმა, რომლებმაც ტერასული ვენახები აღადგინეს და წარმატებით უძღვებიან მეღვინეობასაც, 24 ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიში იპოვეს, რომელიც ისტორიის ქარტეხილების გამო დაკარგული იყო. აქ მცირე მარნებია და სხვადასხვა მარკის ღვინოებს აწარმოებენ. მათ შორისაა მესხური მწვანე, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენისძუძუ, თამარის ვაზი და სხვა.
ახალციხე სახელგანთქმულია თავისი არყითაც. აქ შეგიძლია დააგემოვნო თუთის, ჭანჭურის, თაფლის, შინდის, ხილისა და პანტის არაყი.
ახალციხე ბალნეოლოგიური კურორტიცაა - აქ დედამიწის წიაღიდან ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული და მაგნიუმ-ნატრიუმიანი თერმული მინერალური წყალი ამოედინება და მისი ტემპერატურა მუდმივად 39 გრადუსია ცელსიუსით. ამ წყლის აბაზანების მიღება ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის, პერიფერიული ნერვული სისტემებისა და ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.
ახალციხიდან მანქანით დაახლოებით 1 საათის სავალია ვარძიის უნიკალურ ძეგლამდე, რომელიც ნაკვეთი ქალაქია და რომელსაც მკვლევრები თამარ მეფის პერიოდს უკავშირებენ. კლდეში უამრავი საცხოვრებელი ოთახია გამოკვეთილი და აქვეა უძველესი ეკლესიაც.
ახალციხესთან ახლოსაა საფარას მონასტერი, ხერთვისის, თმოგვის, აწყურის უძველესი ციხესიმაგრეები.
ახალციხიდან ბორჯომში მიმავალ გზაზე კი მარცხენა მხარეს სოფელ ქვაბისხევიდან გზა ბორჯომი-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე შედის, სადაც მოწესრიგებული საპიკნიკე ზონა დაგხვდება - პირველყოფილი ბუნება პატარა მდინარით, კლდეებით, უზარმაზარი მთებითა და ულამაზესი ტყეებით. ნაკრძალში შესასვლელშივე ქვაბისხევის მარიამწმინდის ეკლესიაა, რომელიც კლდეზეა მიშენებული. ამ ეკლესიაში ქალისა და კაცის გამოსახულებებით შექმნილ ფრესკას ნახავ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი თამარ მეფე და შოთა რუსთაველი არიან.
ამავე გზას ბორჯომისკენ თუ გაუყვები, ისევ მარცხნივ, უღრან ტყეში შესახვევს დაინახავ, რომელიც უძველეს მწვანე მონასტერთან მიგიყვანს.
აქვეა ქალაქ-კურორტი ბორჯომიც, თავისი მაღალი კლასის სასტუმროებით, ბრწყინვალე ბუნებით, უზარმაზარი წიწვოვანი ხეებით დაფარული მაღალი მთებითა და ქალაქის სავიზიტო ბარათით – ბორჯომის პარკით, რომლის შესასვლელშიც განთქმული მინერალური წყლის ბუნებრივი წყარო დაგხვდება.