ნაკრძალის ფართობია 862,1 ჰა, სიმაღლე ზღვის დონიდან 380-1100 მ-ის ფარგლებშია და მეტ-ნაკლებად რთული რელიეფიც აქვს; დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.
ნაკრძალი 1960 წელს დაარსდა და მისი დაარსების მთავარი მიზანი იშვიათი რელიქტური ხემცენარის - ძელქვის (Zelkova carpinifolia) ტყის კონსერვაცია იყო. ნაკრძალში ამ მცენარის სიმაღლე 20-30 მეტრს აღწევს, დიამეტრი კი 90 სმ-ამდეა.
ნაკრძალში 60-ამდე ოჯახის 220 სახეობაზე მეტი მცენარეა აღწერილი. მათ შორის უმეტესობა საქართველოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი. ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხემცენარე ძელქვის გარდა, ხარობს კაკალი (Juglans regia), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ლაფანი (Pterocarya pterocarpa) და ბზა (Buxus colchica). ამ და სხვა მცენარეების სიმრავლე, ბაბანეურის ნაკრძალს სასურველს ხდის ფაუნის წარმომადგენელთათვისაც.
იმის გამო, რომ ნაკრძალის ტერიტორია მცირეა, აქ არ ბინადრობენ მსხვილი ძუძუმწოვრები - თუ გაგიმართლებს, შეიძლება შველს, დათვს ან მგელს მოჰკრა თვალი, თუმცა არ გაგიკვირდეს, თუ შენ წინ კავკასიური ციყვი, წავი, გარეული კატა, კვერნა, კურდღელი ან მელა გაირბენს.