KA
Bagrati Cathedral

ბაგრატის ტაძარი

საქართველოში თითოეულ უძველეს ნაგებობას თავისი ისტორია აქვს, ამბავი, რომელიც ხშირად ჩვენი ამჟამინდელი ისტორიის განმსაზღვრელიც კია, თუმცა ბაგრატის ტაძრის ეროვნული მნიშვნელობა სრულიად განსაკუთრებულია - თეთრი ქვით ნაშენი ეს ლურჯგუმბათებიანი ეკლესია საქართველოს გაერთიანებასთან ასოცირდება. 
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ბაგრატის ტაძრის მდებარეობა

2010 წელს რეკონსტრუირებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე დგას და ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან მოჩანს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს ტერიტორია უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში იყო განაშენიანებული. პირველი ქრისტიანული ეკლესია კი აქ IV საუკუნეში არსებობდა. 

ბაგრატის ტაძრის ისტორიული წარსული

საკუთრივ ბაგრატი, ჯვარგუმბათოვანი საკათედრო ტაძარი, X-XI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით აიგო. ბაგრატ III-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაც აქ გაიმართა და ტაძრის სახელიც ამ მოვლენებს უკავშირდება. 

ამ ეკლესიის სიძლიერესა და სიმდიდრეზე საუკუნეების განმავლობაში წერდნენ მოგზაურები, თუმცა XVII საუკუნის ბოლოს ქუთაისის ციხე, რომელიც ბაგრატს გარს ეკრა, სალოცავთან ერთად, ოსმალებთან ბრძოლას შეეწირა.   

ბაგრატის ტაძრის არქიტექტურა და ფრესკები

ნანგრევებად ქცეულ ტაძარში ორი დამწერლობის წარწერები შემორჩა, მათ შორის უძველესი არაბული ციფრებითაა შესრულებული და გვამცნობს, რომ ტაძარი 1003 წელს აშენდა. აქ აღმოჩენილია ჩუქურთმები, ქანდაკებები, მოზაიკური იატაკის ფრაგმენტი და ღვთისმშობლის ფრესკის კვალი, სამარხებში კი ნაპოვნია ოქროს სამკაულები. ეკლესიაში დღემდე დგას სამსართულიანი კოშკი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა