KA
Bazaleti Lake

ბაზალეთის ტბა

ზოგჯერ სასიამოვნო დასვენებისთვის მხოლოდ ქალაქგარეთ წასვლა არ კმარა. გჭირდება, რომ იპოვო შენზე მორგებული ადგილი, ბუნება და ახალი გამოცდილებები, რაც შენს თავგადასავალს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ზუსტად ასეთია ბაზალეთის ტბა - საუკუნოვანი ლეგენდებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებებით ცნობილი კურორტი.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ბაზალეთის ტბის მდებარეობა

ვულკანური წარმოშობის ტბა დუშეთის რაიონში, თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ტბის ზედაპირის ფართობი 1,22 კვ.კმ-ია, მაქსიმალური სიღრმე კი - 7 მეტრი; ტბა მხოლოდ ატმოსფერული ნალექებითა და მიწის წიაღიდან ამოსული მინერალური წყლებით საზრდოობს. იანვარსა და თებერვალში ის მთლიანად იყინება და ყინულის სისქე 0,5 მეტრამდეც აღწევს, თუმცა კარგ ამინდებში აქ ყველანაირი პირობაა თევზჭერისთვის. ტბაში ბინადრობს ქაშაყი (Clupea), ნაფოტა (Rutilus), ხრამული (varicorhinus), წვერა (Barbus) და კობრი (Cyprinus carpio).

ბაზალეთის ტბიდან, სულ რაღაც, 60 კმ-ში გუდაურის სათხილამურო კურორტსაც შეხვდები.

ტბის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებები

ტბაში ბევრი წყალმცენარე იზრდება, რაც ტბის წყალს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით ავსებს, სწორედ ამიტომ დერმატოლოგიური, რევმატული და ძვალკუნთოვანი პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით რეკომენდებულია. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. 

ლეგენდები ბაზალეთის ტბის შესახებ

ბაზალეთის ტბა საკმაოდ პოპულარულია ქართულ მითოლოგიაშიც. თუ კურორტს ესტუმრები, ადგილობრივები აუცილებლად მოგიყვებიან ტბაში ჩაძირულ „ოქროს აკვანზე“, ლეგენდაზე, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავს და მოგანდომებს კიდევ უფრო მეტი გაიგო საქართველოზე. 

კურორტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ

შეიძლება ითქვას, რომ ბაზალეთის ტბა სამი თაობის კურორტია, რადგან აქ დაუვიწყარი თავგადასავალი ელით როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებსა და უფროსებს. Რამდენი წლისაც არ უნდა იყო, აქ არ მოიწყენ, შენთვის საინტერესო აქტივობას იპოვი, კეთილმოწყობილ სასტუმროებში ან კოტეჯებში დაისვენებ და ამ მოგზაურობას ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა