პილასტრებითა და თაღედებით დამშვენებული ეკლესიის შენება 1879 წელს დაიწყეს, თუმცა, ფინანსების უქონლობის გამო, მშენებლობამ საუკუნის მეოთხედზე მეტხანს გასტანა. ადრე ამ ადგილზე ხის ეკლესია იდგა, რომელიც მალევე დაიშალა. სანამ ტაძარი შენდებოდა, ხალხს სამლოცველო ჩვეულებრივ სახლში ჰქონდა მოწყობილი და სალოცავად იქ დადიოდა. ეკლესიის მშენებლობა 1898 წელს მდიდარი სომხების მხარდაჭერით გაგრძელდა და 1900 წლის 12 დეკემბერს სომეხთა კათალიკოსმა აკურთხა.
საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია ჯერ დახურეს, შემდეგ კინოგაქირავების საწყობად აქციეს, მერე დანგრევა დაუპირეს, თუმცა სომეხთა აქტიურობით გადარჩა და 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ობსერვატორიის ფუნქციას ასრულებდა.
1992 წელს ტაძარი აჭარის სომეხი საზოგადოების საქველმოქმედო კავშირს გადაეცა, ადგილობრივი სომხების სახსრებით რესტავრაცია ჩაუტარდა, სრულად განახლდა და 2000-იანი წლების დასაწყისში ეკლესიის ფუნქცია დაუბრუნდა.