დიმიტრიადის #1-ში მდებარე ულამაზესი შენობა, რომელშიც ცენტრია განთავსებული, 1953 წელს აშენდა და თავადაც საინტერესოა. ეს ნაგებობა თანამედროვე და კლასიკური არქიტექტურის სინთეზია. მდიდრულ დარბაზს დიდი ესპანური ჭაღი და 1100 ესპანური სავარძელი ამშვენებს. შენობის მესამე სართულზე საგამოფენო სივრცეა. 2011 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ შენობის ფასადი შეიცვალა და ფერადი განათება დაემატა, შედეგად - აქაურობა ღამით განსაკუთრებით ლამაზი სანახავია.
2004 წლიდან ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ერთ ჭერქვეშ გაერთიანდა: ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის სახელმწიფო კაპელა, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრი.
ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ჯაზკონცერტების, მიუზიკლების, კლასიკური და თანამედროვე სპექტაკლების, ოპერის, სიმფონიური და ფოლკლორული კონცერტებისა და სოლისტების მოსმენაა შესაძლებელი. ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები საერთაშორისო მუსიკალური პროექტებისა და ფესტივალების მუდმივი მონაწილეებიც არიან.