1992 წელს ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძემ Baia Gallery გახსნა. თავდაპირველად მას „ორიენტი“ დაერქვა, თუმცა 2000 წლიდან გალერეას დამფუძნებლის სახელი ეწოდა. არსებობის მანძილზე Baia Gallery-ში სამასზე მეტი გამოფენა მოეწყო.
ორსართულიან სახლში, 70 კვ.მ სივრცეში დაათვალიერებ როგორც თანამედროვე, ისე წინა საუკუნეების ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ურბანისტული პეიზაჟები, პრიმიტივისტი მხატვრების ტილოები, აღმოსავლურ მოტივებზე შესრულებული ნახატები, პოპარტის სტილის პოსტერები, მთები, ზღვები, გემები, ხეები, ადამიანები, ქალაქები, სახლები, განათებული ფანჯრები - ასეთია „ბაიას“ სამყარო.
გამოფენების გარდა, გალერეა მუდმივად მასპინძლობს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა აუქციონები, პრეზენტაციები, საგამომცემლო პროექტები და სხვა.
Baia Gallery-ს რომ ესტუმრები, თანამშრომლები აუცილებლად მოგიყვებიან ცნობილი თუ უცნობი ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ. აქვე თანამედროვე ქართველი მხატვრების პლაკატებსა და ბუკლეტებსაც შეიძენ. გალერეაში შესვლა უფასოა.