KA
Bateti Lake

ბატეთის ტბა

ქარელიდან 23 კმ-ის მოშორებით, ძამის ხეობისკენ მიმავალს წინ შთამბეჭდავი სანახაობა გადაგეშლება - ზღვის დონიდან 1313 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ბატეთის ტბა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

როგორ მოვხვდეთ ბატეთის ტბასთან?

ხშირი ტყით შემოფარგლულ ბატეთის ტბას მოგზაურები წლის ყველა სეზონზე სტუმრობენ. ტბის მოსანახულებლად ასვლა და ბუნების ამ სანახაობით ტკბობა წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია. ტყეში საპიკნიკე და დასაბანაკებელ ადგილებსაც ადვილად მიაგნებ. 

ტბამდე მისასვლელად, სამანქანო გზის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 3 კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევს. გზა ტყის ნაპირს მიუყვება. გაითვალისწინე, რომ ტბაში ბანაობა და თევზაობა აკრძალულია. ბატეთიდან პატარა ნაკადულიც გამოედინება. მისი სამხრეთ ნაწილი კი დაჭაობებულია, სადაც სხვადასხვა სახეობის წყლის მცენარეებს ვხვდებით, ეს კი ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ბატეთის ტბაში ბინადრობს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. 

სამხრეთიდან ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად წარმოშობილი ბატეთის ტბის ფართობი 0,02კვ.კმ-ს შეადგენს, მისი საშუალო სიღრმე 7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 12 მეტრს აღწევს. ტბას ვრცელი ნაპირი არ აქვს, ის გარშემორტყმულია წიფლნარი და წიწვოვანი ტყით. ტბის წყალი მტკნარი და გამჭვირვალეა. ზამთარში ბატეთის ტბა იყინება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა