სწორედ აქ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, კერძოდ კი ბორჯომში, გამორჩეული არქიტექტურისა და საინტერესო ისტორიის მქონე შენობაში, რუსი იმპერატორების რომანოვების კანცელარიაში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია მოწყობილი.
წმინდა ნინოს #5-ში გერმანელი არქიტექტორის, შვეიერის მიერ 1890 წელს ფსევდოგოტიკურ სტილში აგებულ ამ სასახლეს აუცილებლად უნდა ესტუმრო, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ის, რაც მის კედლებში დაგხვდება.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა აქ ბინა 1938 წელს დაიდო. საკმაოდ მდიდარ მუზეუმში 33963 ექსპონატია დაცული - არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების ბრინჯაოს უნიკალური სამკაულები, პირველყოფილი საბრძოლო და სამუშაო იარაღები, ძველი და ახალი წელთაღრიცხვის ნუმიზმატიკური ნიმუშები, რომანოვების ოჯახის უნიკალური კოლექცია, მათ შორის - ევროპული და აზიური ჭურჭელი, აგრეთვე, თიხის, მინის, ფაიფურისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, ხეზე კვეთის ექსპონატები, გრაფიკული და ფერწერული მხატვრობის ნიმუშები.