ბოჭორმის ციხე მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1020 მეტრზეა აგებული, რომელიც შუა საუკუნეებში კახეთის სტრატეგიული პუნქტი ყოფილა.
ბოჭორმის დასაპყრობად ძველ დროში გამალებული ბრძოლები მიმდინარეობდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ის, ვინც მას დაეპატრონებოდა, მთელ კახეთზე მოიპოვებდა ძალაუფლებას.
ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა წერილობით წყაროებში მას X საუკუნის დასაწყისიდან მოიხსენიებენ.
ბოჭორმის მაღალი გალავანი, რომელშიც კოშკებია ჩართული, მთის რელიეფს მიუყვება, კოშკებში კი ბუხრები, ნიშები და სარკმლებია გაკეთებული.
ციხესიმაგრის ცენტრში X საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია დგას. ტაძრის მხატვრობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწია, საოცრად შთამბეჭდავია ფერებით, შინაარსითა და შესრულებით. მოხატულობის თემებია წმ. გიორგის ცხოვრება, ქრისტეს სასწაულები, 12 საუფლო დღესასწაული, საშინელი სამსჯავროს სცენა, რომელიც თავისი აზრობრივი სიმძაფრით არამხოლოდ ქართულ მონუმენტურ მხატვრობაშია გამორჩეული.
ეკლესიის სამხრეთით „მეფის დარბაზია“ - ასე ეწოდება მაღალ გორაკზე აშენებულ კოშკს, რომლის კედლებშიც სათოფურებია ჩაყოლებული. აქედან ახლომდებარე სოფლებზე კი ულამაზესი ხედები იშლება.
1923 წელს ბოლშევიკებმა ტაძარი ააფეთქეს, რამაც ტაძრის უნიკალური გუმბათი იმსხვერპლა.