KA

გარდაბნის აღკვეთილი

გარდაბნის აღკვეთილი ქვემო ქართლში, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარეობს. ეს ადგილი შესანიშნავი ბუნებით ხასიათდება და თბილისიდან, სულ რაღაც, 39 კილომეტრით არის დაშორებული.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
გარდაბანი

გარდაბნის აღკვეთილის ბუნება

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ნაპირზე შემორჩენილია ერთ-ერთი უნიკალური ჭალის ტყე. გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე კი ფრინველების 135 და ძუძუმწოვრების 25 სახეობა ბინადრობს. აქ შეიძლება შეგხვდეს კავკასიური კეთილშობილი ირემი (საქართველოში ბოლო შემორჩენილი ჭალის პოპულაცია), გარეული ღორი, მგელი, ტურა, წავი, მელა და ლელიანის კატა; ფრინველებიდან - შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, რუხი წერო, ხოხობი, დიდი ჩვამა, ჩვეულებრივი კაკაჩა და სხვა.

რას ნახავ გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე?

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტბასაც შეხვდები, რომელშიც სპორტული და სამოყვარულო თევზაობაა ნებადართული. აღკვეთილს თავისი სასტუმროც აქვს, რომელიც მონადირის სახლის სტილშია მოწყობილი. აქ არის საუნა და საბილიარდო ოთახი, კომფორტული საძინებლები თავისი ბუხრებით, დიდი სამზარეულო, შეხვედრების ოთახი და ვერანდა. სასტუმროს ეზოში მაყალზე თევზსა და ხორცს შეგიწვავენ, თან საინტერესო ისტორიებსაც მოგიყვებიან, თუ როგორ ნადირობდნენ ამ მხარეში საუკუნის წინათ.  

მათთვის, ვინც დაინტერესებულია უფრო აქტიური დასვენებით, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია შეგიძლიათ, ცხენით და ველოსიპედითაც მოიაროთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა