ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა.
თბილისის სიონი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ ის რამდენიმე სამშენებლო ფენისგან შედგება.
სიონის ტაძარში არაერთი პატრიარქია დაკრძალული.
ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაცული, მათ შორის - საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც კანკელის ჩრდილოეთ მხარეს არის დაბრძანებული. აქვეა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვაც.
სიონში ნახავთ ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეულ ხატსაც, მათ შორის სიონის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც 1762 წელს დაიწერა და მას შემდეგ არაერთ თავდასხმასა და ძარცვას გადაურჩა და წმინდა ნინოს ჭედური ვერცხლის ხატს, რომელიც XVIII ს-შია შესრულებული.
თბილისის სიონის მონახულების შემდეგ თბილისის უძველეს, ლამაზ უბანსაც შეგიძლია ესტუმრო. აქვეა თბილისის ისტორიის მუზეუმი და შარდენის ქუჩაც, სადაც უამრავ ბარ-რესტორანს აღმოაჩენ, რამდენიმე ასეულ მეტრში კი აბანოთუბნამდე და ლეღვთახევამდეც მიხვალ.