სტეფანწმინდიდან სოფელ გველეთამდე 7 კილომეტრია. სამანქანო გზა სოფლამდე მიგიყვანს, იქიდან კი სანიშნე აბრები ჩანჩქერის მიმართულების დადგენაში დაგეხმარება.
დაახლოებით ორი კილომეტრი მარტივი სირთულის აღმართზე მიმავალ ბილიკზე ფეხით უნდა იარო, რომელიც კლდის ფერდობებს შორის, სიმწვანეშია მოქცეული. გზად გვიმრები შეგხვდება და მალევე გაიგონებ წყალვარდნილის ხმასაც. აქ ერთმანეთის გვერდით ორი ჩანჩქერი ჩამოდის - გველეთის პატარა და დიდი ჩანჩქერი. მათ შორის მანძილი კი დაახლოებით 750 მეტრია.
რძისფერი ჩანჩქერები ხმაურით გადმოედინება კლდეებზე და ხევში ეშვება. დიდი ჩანჩქერის სიმაღლე 30 მეტრამდეა, სიგანე კი ბოლოსკენ 4 მეტრს აღწევს.
გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერი გამორჩეულად ლამაზი ადგილებია და აქაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია აგვისტო-ოქტომბერში - ასკილის, კოწახურისა და ქაცვის მწიფობის დროს. ამ პერიოდში გველეთის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ ბუნებაა მომნუსხველი, არამედ სურნელიც საოცარი დგას.