ლეგენდის თანახმად, აქ არის დაკრძალული მეფე აიეტის ვაჟი აფსაროსი, რომელიც კოლხეთიდან გაქცეულმა არგონავტმა იაზონმა მოკლა. გონიოს ციხის უძველესი სახელიც - აფსაროსის ციხე - აქედან მომდინარეობს, სახელწოდება გონიო კი ამ ტერიტორიაზე გენუელთა ყოფნას აღნიშნავს (XIII-XIV სს.).
ისტორიულად დადასტურებულია, რომ ჭოროხსა და შავ ზღვას შორის ციხე-ქალაქი ძვ.წ. XIX საუკუნეში უკვე არსებობდა, თუმცა თავად გონიო-აფსაროსის ციხის მშენებლობა პომპეუსის ლაშქრობას (ძვ.წ. 65 წელს) უკავშირდება. ნაგებობის ფართობი 44.460 კვ.მ-ია, სიგრძე - 228 მეტრი, სიგანე - 195 მეტრი და ის 18 კოშკით არის გამაგრებული.
სამი იმპერიის განსხვავებული არქიტექტურული ხელწერა, ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ექსპონატები - ყველაფერი ეს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე გელოდება, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა არის დაკრძალული.