გოხნარის ლოდოვანი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით არის დათარიღებული. ნაგებობათა კომპლექსი რთულ რელიეფზეა განლაგებული. ის ოთხ ტერასას მოიცავს და სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ნაპრალ-გვირაბებისგან, ნასოფლარისა და ციხისგან. ჩრდილო-დასავლეთის გარდა, ძეგლი ყველა მხრიდან მიუდგომელია.
ძეგლის ქვედა დონე მოედანია. დანარჩენ სამ დონეზე ცილინდრული ფორმის ოთახებია განლაგებული, რომლებიც ერთმანეთს გასასვლელებით უკავშირდება.
სადგომების გარშემო, სამივე დონეზე, აგებულია ათამდე სხვადასხვა ზომის დოლმენი - მეგალითური სამარხი, რისთვისაც ანდეზიტ-ბაზალტის დიდი ზომის ლოდებია გამოყენებული.
ლოდოვანს 0,25 კვ.კმ ტერიტორია უკავია, რომლის ცენტრშიც მონოლითური სვეტი დგას და რომელიც ყველა მხრიდან მოჩანს.
მეგალითების გარდა, გოხნარის სერზე ულამაზესი ტყე, გოხნარის ლაჟვარდოვანი ტბა და რამდენიმე ეკლესია მდებარეობს.