საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

გუდანი-როშკა

ხევსურეთში ლაშქრობა მხოლოდ ულამაზესი ბუნების მონახულებას არ ნიშნავს. ეს არის მოგზაურობა წარსულში, რამდენიმე საუკუნით უკან დაბრუნება იმ გარემოში, სადაც უძველესი ტრადიციები, ადათ-წესები და რიტუალები დღემდე ცოცხლობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

სოფელი გუდანი

ხევსურების წეს-ჩვეულებების დიდი ნაწილი პირაქეთა ხევსურეთის სოფელ გუდანშია „დაბადებული“. აქედან იღებს სათავეს ხევსურთა ჩაცმულობა, აღჭურვილობა, ადათობრივი სამართალი და დღეობები. სოფელში მდებარეობს  ხევსურეთის უმნიშვნელოვანესი სალოცავი - გუდანის ჯვარი, რომელიც მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრი იყო. საუკუნეების განმავლობაში აქ განიხილავდნენ ძნელად მოსაგვარებელ საერო საქმეებს, მსჯელობდნენ სამართლის ნორმების დაცვასა თუ შეცვლაზე.

სოფელი გუდანი ქალაქ დუშეთიდან 75 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. გუდანიდან როშკამდე ერთ-ერთი ყველაზე მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი მარშრუტი გელის.  

გუდანიდან 11-კილომეტრიანი სამანქანო გრუნტის გზით სოფელ უკანხადუმდე მიხვალ, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. 

აქედან გზა ფეხით უნდა გააგრძელო. ბილიკი ნელ-ნელა რთულ კატეგორიაში გადადის. დაახლოებით 5 კმ-ში ტანიეს უღელტეხილზე ახვალ. ის კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარეობს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სალაშქრო ზონად მიიჩნევა. აქედან გასაოცარი პანორამაა პირაქეთა ხევსურეთსა და მდინარე ხევსურეთის არაგვზე.

სოფელი როშკა

სულ მალე ქედების გასაყართან აღმოჩნდები და გზას დასავლეთით მდებარე ქედზე გააგრძელებ. გარკვეულ ადგილებში ქედიდან ბილიკი სამხრეთის ფერდობზე გადადის. 

დაახლოებით 10 კმ-ის შემდეგ ბოღოვაჩოს (არხოტის) უღელტეხილია, საიდანაც არხოტის ხეობაში გრუნტის გზით ჩახვალ. გადაივლი როშკის წყლის ხეობას და გზა სოფელ როშკამდე ჩაგიყვანს, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. 

სოფელ როშკაში ერატიკულ ლოდებს ნახავ, რომელთაგან ორი მსოფლიოში უდიდესი ერატიკული ლოდების რიცხვს მიეკუთვნება. როშკიდან ქალაქ დუშეთამდე 74 კმ-ია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა