საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

გუდანი-უკანხადუ-ტანიეს ტბა

ხევსურეთი - საქართველოს ეს ზღაპრული მხარე, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე მდებარეობს, იზიდავს ყველას, ვისაც ხელუხლებელი ბუნება, თავგადასავლები და უძველესი რიტუალები აინტერესებს. სალაშქრო მარშრუტები აქ მრავლადაა. მათ შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავია გუდანი-უკანხადუ-ტანიეს ტბა - ამ გზას ერთ დღეში გაივლი. გაითვალისწინე, რომ მარშრუტთან ახლოს ინგუშეთის საზღვარია, ამიტომ ლაშქრობამდე წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დუშეთის სოფელ ბარისახოში ან თბილისში.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

სოფელი გუდანი

მარშრუტი სოფელ გუდანიდან იწყება. ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარე ეს სოფელი ხევსურეთის ფუძეა. სწორედ აქ იქმნებოდა დღევანდელი ხევსურეთის ტრადიციები, სამოსი და წეს-ჩვეულებები. ამ სოფელში აუცილებლად უნდა ნახო ხევსურეთის მთავარი სალოცავი - გუდანის ჯვარი, რომელიც მოლაშქრე ღვთაების სახელს უკავშირდება. 

სოფელი უკანხადუ 

გუდანიდან გრუნტის გზით თითქმის დაცარიელებულ სოფლებს გაივლი - ბაცალიგოსა და ატაბეს და სოფელ უკანხადუში მიხვალ. აქ სამანქანო გზა სრულდება და საფეხმავლო ბილიკი იწყება. ბილიკი დასაწყისში საშუალო სირთულისაა. დაახლოებით 5 კმ-ის შემდეგ რთულ კატეგორიაში გადადის. მალევე მიადგები უღელტეხილს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზეა.

ტანიეს ტბა

უკანხადუდან ბილიკით ტანიეს უღელტეხილზე ახვალ, რომელიც ზღვის დონიდან 3999 მეტრზეა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასალაშქრ ზონად მიიჩნევა - ბილიკი რიგ ადგილებში გაველურებულია, რადგან აქ ნაკლებად მოძრაობენ მოლაშქრეები. აქედან საოცარი ხედებია - მოჩანს პირაქეთა ხევსურეთი, მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობა. 

მალე საკვანძო გზაგასაყართან აღმოჩნდები. ქედის მხარეს არ უნდა წახვიდე. უღელტეხილი უნდა გადაკვეთო და ბილიკზე ქვემოთ დაეშვა. გზა ორ ბუმბერაზ მთას შორის მოქცეულ, გულის ფორმის, ტანიეს ტბასთან ჩაგიყვანს. ეს ნიშნავს, რომ ზღვის დონიდან 2232 მეტრზე ხარ. 

12 კმ-იანი გზის ბოლოს კამკამა ტბასთან დაბანაკდები.

ტანიეს ტბიდან შეგიძლია, სოფელ არხოტისკენ გაუყვე ბილიკს - დაახლოებით 7-8 კმ, სოფელ არხოტიდან კი მანქანით ჩახვიდე ბარისახოში.

ამ მარშრუტზე სალაშქრო სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა