თბილისიდან დიდგორამდე 24 კმ-ია, რომელსაც მანქანით 1 საათში დაფარავ. ტური იწყება დიდგორის მონუმენტიდან, რომელიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მთავრდება ჭილის ტბაზე. აქედან შეგიძლია ველოტური თბილისამდეც გააგრძელო.
ტრასის სიგრძე 12 კმ-ია. ჭილის ტბა, სადაც ველოტური სრულდება, ზღვის დონიდან 1130 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და თვალწინ ქართლის ულამაზეს ხედებს შლის. აქაურობა წლის ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა ზაფხულში - განსაკუთრებით. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ თევზაობის მოყვარულებიც.
მარშრუტის დაწყებამდე გადაამოწმე აღჭურვილობა, ნახე, გაქვს თუ არა თან სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
დიდგორის ველოტურის ბილიკი „ოვერლენდინგისთვისაც“ გამოიყენება. შესაბამისად, წვიმიანი ამინდის შემდეგ აქ ველოტურის დაგეგმვა რეკომენდებული არ არის.
დიდგორის ველოტურის მოწყობა წლის ყველა სეზონზეა შესაძლებელი, უთოვლო ზამთრის ჩათვლით.