ნიშანდობლივია, რომ დიდი სამამულო ომის მუზეუმი, რომელიც ამ ომის მიმდინარეობისა და მასში გამარჯვებულების შესახებ მოგითხრობს, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მახლობლად, სტალინის გამზირის #19-ში მდებარეობს.
ვისაც ომის ისტორიების მეორე მხარე აინტერესებს - ადამიანებიდან, მათი ცხოვრებიდან და განცდებიდან დანახული, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროს. მუზეუმში მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი გორელების ნივთებია გამოფენილი - ფოტოსურათები, მედლები, უნიფორმები, წერილები, საცერემონიო დროშები და სხვა.
მუზეუმის კედელზე ამ ხანგრძლივი ომის მონაწილე ქართველების გმირობის ამსახველი ბარელიეფია გამოსახული, ეზოში აღმართულ ჯვართან კი წაიკითხავ ყველა გორელის სახელს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ.
დიდი სამამულო ომის მუზეუმის ერთი სექცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება, სადაც რუსული ჭურვებით დაზიანებული გორისა და მისი მოსახლეობის ომისდროინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი.