ამ ადგილს, თავისი მდებარეობისა თუ ლეგენდის გამო, მისტიკურსაც უწოდებენ და, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ხშირად სტუმრობენ მოგზაურები და პილიგრიმები სხვადასხვა ქვეყნიდან.
კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით, ორმწვერვალიან კირქვის მთას თითქოს ორგანულად შეზრდია ტაძარი, რომელიც ელია თეზბიტელის სახელობისაა - წმინდანის, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე IX საუკუნეში პალესტინაში, ქალაქ თეზბიტში ცხოვრობდა და ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო.
ამჟამინდელი ტაძარი 2006 წელს ძველი ტაძრის ნაშთზე აშენდა, რასაც წინ უსწრებდა არქეოლოგიური სამუშაოები. სწორედ არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით გახდა შესაძლებელი ნაგებობის ქრონოლოგიისა და ძეგლის ისტორიის აღდგენა.
არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის სამლოცველო ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა და მთლიანად ბუნებრივ მღვიმეში იყო მოქცეული.
სამლოცველოს საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შემოჭრილი მტრის ჯარები ანგრევდნენ, ქართველი მეფეები კი აღადგენდნენ. ბოლოს კი, XX საუკუნეში, კომუნისტური მმართველობის დროს მიტოვებული ტაძარი ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით ჩამოშლილა.
ელია თეზბიტელის ტაძრისა და ელიას მთის ლეგენდის შესახებ თავის წიგნში „კავკასია“ მოთხრობილი აქვს ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას (მამა), რომელმაც კავკასიასა და საქართველოში 1859 წელს იმოგზაურა.
ელიას მთას კიდევ ერთი საიდუმლო აქვს - გვირაბში შესასვლელი, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქზე - ხორნაბუჯზე გადის. ამჟამად გვირაბი ჩახერგილია, მაგრამ, ადგილობრივების გადმოცემით, იქ იმხელა სივრცე ყოფილა, რომ 2-3 ცხენოსანი თავისუფლად იმოძრავებდა.
ამ დიდებულ ტაძართან და მთის კალთებზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრის თავს, როცა 2 აგვისტოს „ელიაობა“ აღინიშნება.