დედოფლისწყარო შირაქის ვაკეზე მდებარეობს. დედოფლისწყარომდე თბილისიდან მანძილი 144 კმ-ია, თელავიდან 73 კმ.
შირაქის ვაკეზე ადამიანის ცხოვრების კვალი ქვის ხანიდან შეინიშნება. ცხოვრება აქ ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკურ და ადრექრისტიანულ პერიოდებში ვითარდებოდა. ამაზე მეტყველებს უძველესი ნამოსახლარები: ნაზარლების, კარსისწყლისა და დიდი შირაქის ველის ნამოსახლარები, აგრეთვე, შუა საუკუნეების ხორნაბუჯისა და ხორანთის ნაქალაქარები.
სახელი „დედოფლის წყარო“ ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას წყარო თამარ მეფის მოლაშქრეებმა აღმოაჩინეს. ეს წყალი დღემდე მოჩუხჩუხებს და იქიდან წყლის დალევა შენც შეგიძლია.
დედოფლისწყაროში უნდა ნახო ვრცელ ველზე ამოზრდილ კლდეზე, ბუდესავით მიშენებული ელიას მონასტერი. თუ ისტორიული თავგადასავლები გხიბლავს, აუცილებლად უნდა ესტუმრო მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია საბეჭდავები, სამკაულები, თიხისა და ბრინჯაოს ნივთები, საკულტო სკულპტურები და ა.შ. ძვ. წ. VI-I საუკუნეებიდან ვიდრე გვიან ფეოდალურ ხანამდე.
დედოფლისწყაროს მიმდებარედ შეგიძლია მოინახულო ხორნაბუჯის ციხე, ოზაანის ამაღლების ტაძარი, მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ნახევარუდაბნოს უნიკალური ლანდშაფტი დაგხვდება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. მთელი მისი სიდიადე რომ შეიგრძნო, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს უნდა ეწვიო, რომელიც მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს.
საინტერესოა ჭაჭუნას აღკვეთილიც - ქვიშებით, ქვიშაქვებით, თიხებით, ვულკანური ფერფლის შრეებითა და რიყნარებით. აქ ფრინველებზე დაკვირვებასაც შეძლებ და გაშლილ სივრცეში ლურჯად მოელვარე დალის წყალსაცავსაც ნახავ.