ერწოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ მელიასხევთან მდებარეობს. კოშკი შემაღლებულ ადგილზეა აშენებული და ის ერთგული გუშაგივით გადაჰყურებს მიმდებარე ტერიტორიას.
ციხის შესასვლელი კარის ზევით, მარცხენა მხარეს, კედელში ბაზალტის ქვაა ჩაყოლებული, რომელსაც წარწერაც აქვს. წარწერის შინაარსი მიუთითებს, რომ ეს კოშკი საქართველოს წარსულის ხსენებისთვის და აგრეთვე, მისი ნათელი მომავლის შესანარჩუნებლად აშენებულა. ციხე-კოშკი 3-სართულიანია და ყოველ სართულზე თითო ვიწრო სარკმელი აქვს დატანებული. კოშკის დამაგვირგვინებელი კი ნახევარწრიული, ლამაზი ქონგურებია.
ციხე-კოშკი რესტავრირებულია. მისგან რამდენიმე ნაბიჯზე კი ეკლესიის ნანგრევებია.
აღსანიშნავია სოფელ მელიასხევის ულამაზესი ბუნებაც, სადაც გორშევარდნის ეკლესიასაც შეხვდები.
ღირსშესანიშნაობების, ლამაზი ბუნებისა და სუფთა ჰაერის გარდა, ერწო-თიანეთის მხარე, თბილისთან სიახლოვის გამო, დღესდღეობით ძალიან პოპულარული დასასვენებელი ადგილია.