„ექსპო ჯორჯიას“ 11 საგამოფენო პავილიონი აქვს. ირგვლივ დიდი პარკია გაშენებული, სადაც ველოსიპედით შეძლებ გასეირნებას, შადრევნებიან დეკორატიულ აუზებს იხილავ და სუბტროპიკული კულტურების ორანჟერეასაც დაათვალიერებ. ტერიტორიაზე მაღალი კლასის ქართულ-ევროპული რესტორანიც დაგხვდება.
საგამოფენო სივრცის ღია და დახურულ პავილიონებში მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, სხვადასხვა მასშტაბური და შედარებით მცირე ღონისძიება იმართება; აგრეთვე, გამოფენები, ფესტივალები, ბაზრობები და ოფიციალური ღონისძიებები.
თუ თბილისს მაისის ბოლოს ესტუმრები, ამ სივრცეში შესაძლებლობა გექნება, ყოველწლიურ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალსაც დაესწრო, რომელიც კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ მრავალი ადამიანის ოცნებაც ამხდარა, რომლებიც თავიანთ საყვარელ მწერლებს პირისპირ შეხვდნენ.
აპრილში აქაურობა თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-ს მასპინძლობს, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა არტისტების შემოქმედებაა წარმოდგენილი. ამ დროს გალერისტები „ექსპო ჯორჯიას“ მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ.
ყოველწლიურად ,,ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იმართება, სადაც როგორც საქართველო, ისე სხვა ქვეყნები თავიანთ ტურისტულ პოტენციალზე მოგიყვებიან; აქ ნახავ მშენებლობის, ინტერიერის, აგროპროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენებსაც.