KA

ველოტური - თუშეთი-ორეთის ტბა

თუშეთი-ორეთის ტბის ველოტური რთულია და მისი დაძლევა დამწყები ველომოყვარულისთვის რეკომენდებული არ არის. ამ მარშრუტზე სასურველია ენდუროს ტიპის ორამორტიზატორიანი ველოსიპედის გამოყენება. დასაშვებია ქროსიც. ველოტურის ასაკრეფი ვერტიკალი 1000 მეტრია. ტურის სახეობა - ენდურო

მარშრუტი

აუცილებელია, თუშეთამდე მიმავალი გზა გამოცდილი მძღოლის დახმარებით გაიარო. 

ტური სოფელ ხისოდან იწყება და აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარე ქედს ორეთის ტბამდე მიუყვება. გზად ერთმანეთს ენაცვლება ტყიანი სეგმენტები და ალპური ზონა. 

ბილიკი მარკირებულია და მისი სიგრძე 12 კმ-ს შეადგენს. თუშეთში არსებულ მრავალ განსაკუთრებულ სანახაობას შორის ერთ-ერთია ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ორეთის ტბა, საიდანაც თითქმის მთელი თუშეთი მოჩანს. ზამთარში ტბა იყინება, ამიტომ იქ თევზი არ არის. 

ხანგრძლივი შესვენების მოწყობა შესაძლებელია ომალოში, სადაც, ტრადიციულად, სიამოვნებით გიმასპინძლებენ და უგემრიელეს თუშურ კერძებს შემოგთავაზებენ. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტზე საჭირო აღჭურვილობით უნდა წახვიდე. თან უნდა გქონდეს: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები. 

თუშეთი-ორეთის ტბის ველოტურისთვის მისაღები პერიოდია ივლისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის დასაწყისამდე, სანამ პირველი თოვლი მოვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა