სახელოვანი თანაქალაქელის სახლის მუზეუმად ქცევის იდეას ქუთაისელები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ზაქარიასთან ასოცირებული ნივთები უშურველად და უსასყიდლოდ მიჰქონდათ „ფრანგების“, იმავე კათოლიკეების, უბანში მდებარე სახლში. სახლ-მუზეუმი 1963 წელს გაიხსნა და დღეს აქ 70-მდე ექსპონატს ნახავ, მათ შორის:
ზაქარიას აკვანს, ოქრომკერდით ნაქსოვ ქულაჯას, რომელსაც ყმაწვილს წირვაზე აცმევდნენ; დოკუმენტურ მასალას მისი ნათლობის შესახებ; წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლებს მისი ფაქსიმილეთი;
საკრავებს, რომლებიც კომპოზიტორის მეზობლებს ეკუთვნოდათ და მათზე ყმაწვილი ზაქარია უკრავდა (თურმე განსაკუთრებით მოსწონდა გერმანული და ფრანგული მექანიკური საკრავები და მათ მოსასმენად დღეში რამდენჯერმე სტუმრობდა მეზობლებს);
ზაქარიას ფიზჰარმონიასა და ბეკერის ფირმის როიალს, რომელზედაც საკუთარი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს უკრავდა; ამონარიდს „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტოდან ავტორის შენიშვნებით.
საკრავების ხმა ზაქარია ფალიაშვილის სახლიდან ახლაც ისმის საღამოობით, როდესაც მუზეუმი მუსიკის მოყვარულებისთვის კონცერტებს მართავს.