KA
Queen Tamar Bridge

თამარ მეფის ხიდი

ოდესმე იფიქრებდი, რომ შუა საუკუნეებში კვერცხისა და თიხის ნაზავით აგებული ხიდი დღემდე მოაღწევდა და მასზე გავლასაც შეძლებდი? სოფელ ჭალატყეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სწორედ ასეთი ხიდი დგას. მას ქართველთა მეფე ქალის - თამარის სახელი ეწოდება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ზესტაფონი

თამარ მეფის ხიდის ისტორია

შუა საუკუნეებში ამ ადგილზე მჭიდროდ დასახლებული ფეოდალური ქალაქი იყო. ლეგენდის თანახმად, ჭალატყესთან თამარმა თავისი ამალით გაიარა და მდინარეზე გადასასვლელი ხიდი არ დახვდა. მაშინ ბრძანა თურმე მეფემ ხიდის მშენებლობის დაწყება. 

დარგის ექსპერტები ადასტურებენ, რომ მშენებლებმა ხიდის ასაგებად, ქვასთან ერთად, კირისა და კვერცხის სპეციალური დუღაბი გამოიყენეს. არც იმას გამორიცხავენ, რომ ხიდის მშენებლობაზე წყლის ნაცვლად თხის რძეს იყენებდნენ. 

ფაქტია, რომ სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დუღაბი ქვად იქცა და ხიდი ხალხს 800 წელი ერთგულად ემსახურა. ამბობენ, რომ ხიდის ბურჯებში ჩატანებულია ოქრო, რომელიც, დანგრევის შემთხვევაში, ხიდის აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ.

საქართველოში სულ რამდენიმე მრავალმალიანი ხიდია შემორჩენილი. ერთ-ერთი სწორედ ეს, კლდოვან ნაპირზე მდგარი ხიდია. 40-მეტრიანი ნაგებობის ბურჯებს მომრგვალებული წყალამრიდები აქვს, რომლებზედაც ადიდებული წყლის დარტყმის სიმძიმე მოდიოდა. 

თამარის ხიდს ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღემდე მოქმედია.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა