KA
2024-12-20T10:37:04.000000Z
„ოქროს საწმისის“ ქვეყანა

„ოქროს საწმისის“ ქვეყანა

ძველბერძნული მითოლოგიიდან ერთი უცნაური დასკვნის გაკეთება შეიძლება საქართველოსთან, უფრო ზუსტად, ძველ კოლხეთთან დაკავშირებით – მითების თანახმად, ამ ქვეყანაში, მეღვინეობასთან ერთად, უძველეს დროში ტურიზმიც ყოფილა განვითარებული.
სარჩევი

პირველი სტუმარი, რომელმაც „არგოდან“ ამ „ოქრომრავალი ქვეყნის“ მიწაზე დადგა ფეხი, არგონავტების მთელი „ტურისტული ჯგუფის“ ლიდერი იასონი იყო. თუმცა, ასევე მითების თანახმად, სტუმრების ამოცანა არა დასვენება, არამედ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა იყო. ცოდნაც სიმდიდრეა და ოქროც, და თუ ორივე ერთად გაქვს, დიდებამდე აღარაფერი დაგრჩენია. სწორედ ცოდნისა და ოქროს საძიებლად მოადგა ძველი კოლხეთის სანაპიროს შავ ზღვაზე არგონავტების ხომალდი. ძველბერძნული მითოლოგია ამ ამბავს საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს. მითების მიხედვით, იასონის მეთაურობით კოლხეთში ჩამოსული არგონავტების მთავარი ამოცანა „ოქროს საწმისის“ პოვნა და სამშობლოში წაღება იყო. თუმცა, იმავე მითოლოგიის თანახმად, ოქროს გარდა, მათ კოლხეთიდან, რომლის ვრცელ ტერიტორიაზეც მაშინ ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, თანამედროვე მედიცინისა და თვით სიტყვა მედიცინის ფუძემდებელი, ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის ასული მედეაც წაიყვანეს. მითოსი საკმაოდ მძიმე სურათს გვიჩვენებს კოლხეთიდან მედეას არგონავტებთან ერთად გამგზავრების შესახებ, თუმცა რა და როგორ მოხდა, ეს დღეს არავინ იცის.

„ოქრომრავალი ქვეყანა“

საქართველოს ოქროს საწმისი

მთავარი მაინც „ოქროს საწმისია“. არგონავტებმა „ოქრომრავალი ქვეყანა“ დალაშქრეს და აქედან „ოქროს საწმისი“ წაიღეს, რაც ტყავი იყო იმ ჯადოსნური ოქროს ვერძისა, რომელმაც ძველბერძნები კოლხეთში ჩამოიყვანა.

დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა მოწმობს, რომ კოლხეთის მითური ქვეყანა სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. იმას, რატომ იხსენიებენ კოლხეთს ბერძენი და რომაელი ავტორები ეპითეტით „ოქრომრავალი“ და რატომ არის საქართველო დღესაც მიჩნეული ოქროს საწმისის ქვეყნად, ცხადყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა „არქეოლოგიური საგანძური“.

ამ გამოფენის ერთ-ერთი თვალწარმტაცი ექსპონატი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული კუს გამოსახულებიანი ყელსაბამია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ის არა მხოლოდ გრანულაციისა და ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული გამორჩეული ნიმუშია, არამედ უნიკალურია მასზე წარმოდგენილი ზოომორფული სახის გამო. ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის ცნობილ ნიმუშებს შორის, ვანის ყელსაბამის გარდა, კუს გამოსახულება არსად გვხვდება. სპეციალისტები იმასაც მოგვითხრობენ, რომ ყელსაბამის ადგილობრივ წარმომავლობაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს საკიდების სტილისტური ერთიანობა კოლხური ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებთან. მეცნიერების ყურადღების მიღმა არც ის დარჩენილა, რომ გულსაბამზე არსებული ხმელეთის კუ სწორედ კოლხეთის ტერიტორიაზე ბინადრობდა.

ქართული ოქროს უძველესი სამკაულები

ოქროს საწმისი

საქართველოში კეთილშობილი ლითონის, ოქროს მხატვრული დამუშავებისა და საიუველირო ხელოვნების უძველეს ისტორიას სხვა არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს, დღემდე გაოცებას იწვევს და მსოფლიოს სამეცნიერო წრეების შესწავლის საგანია.

არტეფაქტებით დგინდება, რომ სპილენძს საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში ამუშავებდნენ და უკვე ამ დროს იცოდნენ ბრინჯაოს შესახებაც. ამ პერიოდიდან იყენებდნენ ქართველები სხვადასხვა ლითონს, მათ შორის ვერცხლსა და ოქროს. 

კახეთში, ალაზნის ველზე, ერთ-ერთ გორასამარხში არქეოლოგებმა მცირე ზომის ოქროს ლომის ქანდაკება იპოვეს, რომელიც თრიალეთის კულტურის ხანას ეკუთვნის. ლომის ოქროს ძეგლი ძვ. წ. XXIII საუკუნით თარიღდება და რელიეფური ორნამენტებითაა ნატიფად შემკული. 

თრიალეთის ყორღნების გათხრის შედეგად კი უნიკალური ოქროს თასია ნაპოვნი, რომელიც სარდიონებით არის შემკული. ეს ნიმუში ძვ. წ. XIX-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ოქროს ფირფიტით დამზადებულ თასს ორმაგი კედელი და ღრუიანი სადგამი აქვს. ოქროს ბუდეებში კი სარდიონი, ლაჟვარდი, წითელი იასპი, გიშერი და მინისებრი პასტაა ჩასმული. 

წალკის სამარხებში ასევე ნაპოვნია ძვ. წ. XIX-X საუკუნეებში დამზადებული ოქროს ყელსაბამი, რომელიც თხელფირფიტიანი აქატითა და სარდიონებითაა მორთული.

ვანის ნაქალაქარში, რომლის გათხრებისას უამრავი ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს, ნაპოვნია კოლხი დიდებული ქალის სასაფეთქლეები, რომლებიც ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება და შესრულების ტექნიკით დღესაც გაოცებას იწვევს. 

აქვეა აღმოჩენილი ოქროს სამაჯურები, რომლებიც გრავირებულია და მათზე ჯიხვის თავებია გამოსახული. ისინი დაახლოებით ძვ. წ. V-IV საუკუნეებშია დამზადებული. 

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამარხებში აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ კოლხეთი ოქროთი მდიდარი რეალური ქვეყანა იყო. საქართველოს კულტურა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ხოლო საქართველოს კულტურული იდენტობა სწორედ კოლხეთის სამეფოზე დგას. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა