თაშმიჯაბი იოლი მოსამზადებელია და სტრუქტურით ძალიან ჰგავს ელარჯს, ამიტომ ხშირად სვანურ ელარჯსაც უწოდებენ. გემრიელი და წელვადი რომ გამოვიდეს, აუცილებელია, ის ჭყინტი ყველით მომზადდეს. 1 კილოგრამ კარტოფილს სჭირდება ნახევარი კილოგრამი ჭყინტი ყველი. ამ პროპორციით მომზადებული კერძიდან 6 ულუფა გამოდის.
თაშმიჯაბისთვის კარტოფილი კანიანად უნდა მოვხარშოთ (კანი კარტოფილს ხარშვისას სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს), რომ გაცივდება, გავფცქვნათ (გასაცივებლად ცივი წყალი არ უნდა გადავავლოთ, თორემ კარტოფილი გამაგრდება და გემოსაც შეიცვლის), ჩავყაროთ ქვაბში, დავჭყლიტოთ, დავასხათ რძე ან ცხელი წყალი, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, შევურიოთ დაფშვნილი ყველი და ვურიოთ ხის კოვზით მანამ, სანამ ყველი არ გადნება და მასა ერთგვაროვანი და წელვადი არ გახდება. ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით. ზოგან სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე გადმოღებულ თაშმიჯაბს გულს ჩაუღრმავებენ და შიგ გამდნარ კარაქს ჩაასხამენ.
სვანეთის ყველა ვიზიტორი აღნიშნავს, რომ თაშმიჯაბი, სვანურ ხაჭაპურთან ერთად, ამ კუთხის სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია და აქ ამოსულმა ადამიანმა ის უსათუოდ უნდა გასინჯოს.